სამხრეთკორეული გაზეთის ცნობით, Tesla და Toyota ერთობლივად შექმნიან პატარა ელექტრო SUV-ის პლატფორმას.

გამოცემა Chosun Ilbo იუწყება, რომ Toyota მანქანის პლატფორმას შექმნის, Tesla კი ელექტრონული კონტროლის პლატფორმასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. კომენტარს ჯერ არც ერთი ავტომწარმოებელი არ აკეთებს, მაგრამ თუ სიმართლეა, ალბათ მივიღებთ ხელმისაწვდომ ელექტრო SUV-ს, რომლის ფასიც 25 000 დოლარის ფარგლებში იქნება. თუ ასეთი მანქანა Tesla-ს მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფით აღიჭურვა და Toyota-ს სახელგანთქმული საიმედოობა ჰქონდა, ორივე ავტომწარმოებელს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ავტომობილი შერჩება ხელთ.

Toyota-მ უკვე გაგვაცნო საკუთარი გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის მისი ხაზის 40 პროცენტი ელექტრიფიცირებული უნდა იყოს, 2030 წლამდე კი ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს უნდა შეადგენდეს. თუმცა, ავტომწარმოებელი კონკურენტებისგან განსხვავებით ჯერ არაფერს ამბობს სრულად ელექტრული მომავლის შესახებ, მაგრამ ამასობაში დატენვადი ჰიბრიდების, ჰიბრიდების, სრულად ელექტრო და წყალბადის მანქანების ერთგული რჩება.

ეს არ იქნება Toyota-ს და Tesla-ს თანამშრომლობის პირველი შემთხვევა. 2010 წელს, იაპონურმა ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ სტარტაპ Tesla-ში 50 მილიონ დოლარად წილი შეიძინა და მასთან ერთად მუშაობდა ელექტრო RAV4-ის შექმნაზე. 2016 წლის ივლისში, Toyota 1,43-პროცენტიან წილს ფლობდა Tesla-ში, მაგრამ 2017 წელს ეს წილი მთლიანად გაყიდა.

ვნახოთ, ალბათ მალე გაირკვევა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს კორეული გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.