თუ Toyota-ს ჰიბრიდული მოდელის მფლობელი ხართ, თქვენს მანქანას აუცილებლად ექნება ECO რეჟიმის ღილაკი. თუმცა, ალბათ გაინტერესებთ, როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ფუნქცია.

Toyota-ს ECO რეჟიმის გამოყენება დაგიზოგავთ ფულს და ბენზინს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამის დროსა და შესაფერის ადგილას გამოიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანა სათანადოდ არ იმუშავებს მაშინ, როცა შეიძლება ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდეთ.

სტატიაში მოგიყვებით, რა არის ECO რეჟიმი, როდის უნდა გამოიყენოთ და რით განსხვავდება Toyota-ს მართვის სხვა რეჟიმებისგან.

რა არის ECO რეჟიმი?

როდესაც ECO რეჟიმს ჩართავთ, სისტემა დაარეგულირებს ჰაერის კონდიცირებას, სავარძლების გათბობას და სხვა ყველა იმ ინსტრუმენტის მუშაობას, რომლებიც თქვენი მანქანის ენერგიას იყენებს. ეს კი რა თქმა უნდა, ძრავაზე დაწოლას ამცირებს. როდესაც ძრავა დიდი დაწოლით არ მუშაობს და ამავდროულად ენერგიით ყველა საჭირო ინსტრუმენტს ამარაგებს, საწვავის ეკონომია თვალშისაცემია.

მართვის სხვა რეჟიმებთან შედარებით, ECO რეჟიმი ყველაზე ეკონომიურია, ანუ ზოგავთ საწვავზე დახარჯულ ფულს. ამავე დროს, თქვენი მანქანა ამ დროს ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს და თქვენი წილი შეაქვს გარემოს დაცვაში.

Toyota-ს ისედაც ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური მანქანები ჰყავს მთელ მსოფლიოში და ECO რეჟიმი მათ კიდევ უფრო ეკონომიურს ხდის.

როდის გამოვიყენოთ ECO რეჟიმი?

ECO რეჟიმის ჩართვა ნიშნავს იმას, რომ თქვენი მთავარი პრიორიტეტი მანქანის მიერ წვის შემცირებაა. ამისათვის, ეს რეჟიმი ძრავას სიმძლავრეს უგდებს და ენერგიის მიწოდებას უწყვეტს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება სულ არაფერში გჭირდებოდეთ.

ECO რეჟიმი არეგულირებს ენერგიის ხარჯვას თუნდაც ისეთ ფუნქციებზე, როგორებიც არის გათბობა-გაგრილება.

თუ ეს ფუნქციები თქვენთვის პრიორიტეტი არ არის, ECO რეჟიმის გამოყენება თამამად შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საცობში მოძრაობისას, როდესაც ხშირად გიწევთ დაძვრა-გაჩერება.

მიუხედავად იმისა, რომ ECO რეჟიმი დიდად არ ამცირებს მართვისთვის ხელმისაწვდომ ენერგიას, ნამდვილად არ გახლავთ იდეალური ისეთ სიტუაციებში, სადაც ენერგიაა საჭირო. თუ აღმართზე ადიხართ ან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობთ, ECO რეჟიმის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

ასევე არ გირჩევთ ამ რეჟიმის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ სალონში გათბობა-გაგრილების სისტემის სრული კონტროლი გსურთ.

Eco რეჟიმი vs. EV რეჟიმი

Eco რეჟიმით Toyota-ს მრავალი მოდელია აღჭურვილი, მაგრამ EV რეჟიმი მხოლოდ ჰიბრიდებს აქვს. ეს გახლავთ ელექტრომანქანის რეჟიმი, რომელიც ECO-სგან სრულიად განსხვავდება.

როდესაც თქვენს ჰიბრიდულ მანქანას EV რეჟიმზე გადართავთ, ის სასიარულოდ ძრავას აღარ იყენებს. ამ დროს მანქანა მთლიანად ბატარეაზეა დამოკიდებული.

საწვავის ეკონომიისთვის ეს რეჟიმი იდეალურია, მაგრამ სამწუხაროდ, სწრაფად სვლისას მას დიდხანს ვერ გამოიყენებთ. ალბათ მხოლოდ ერთ კილომეტრს გაგატარებთ, ისიც ძალიან ნელი სვლისას.