Mercedes-მა განახლებული CLS წარმოადგინა, რომელსაც კვლავ ოთხკარიანი კუპეს სახე აქვს.

2022 წლის CLS-ს ერთი შეხედვითვე ამოიცნობთ. აქვს განახლებული ცხაურა და სპორტული წინა ბამპერი. მოდელს ასევე აქვს განახლებული დისკები და ახალი ფერები. მათ კი, ვინც რაღაც უფრო ექსკლუზიურს ეძებს, შეუძლიათ აირჩიონ დიზაინის ახალი ფერი, რომელსაც იუპიტერის წითელს უწოდებენ.

შედარებით მცირეა ცვლილებები ინტერიერში, მაგრამ მათ შორის არის ახალი საჭე ორზონიანი სენსორით, რომელიც თქვენს ხელებს აფიქსირებს. ეს კი გამორიცხავს მცდარ გაფრთხილებებს CLS-ის ნახევრად თვითმართვადი ტექნოლოგიის გამოყენებისას.

ხელმისაწვდომი იქნება დიზელის ძრავთა ასორტიმენტი, მათ შორის საწყისი დონის 1,9-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 191 ცხენის ძალით. მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 2,0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 261 ცხენის ძალით ან 3,0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა 325 ცხენის ძალით.

რაც შეეხება ბენზინის ძრავებს, CLS 350-ს აქვს 2,0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 295 ცხენის ძალით. უფრო მაღალი კლასის CLS 450 4MATIC-ს კი აქვს 3,0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა, რომელიც 362 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

და კიდევ, არის CLS 53 4MATIC+, რომელიც აღჭურვილია 429 ცხენის ძალის მქონე 3,0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით. ის დაკავშირებულია ცხრასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას ოთხივე თვალს აწვდის. 0-100 კმ/სთ-ს მანქანა 4,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.