მრავალი ჭორისა და ფარულად გადაღებული კადრების შემდეგ, შანხაის ავტოშოუზე Ford Evos-ი გამოჩნდა. ძალიან ჰგავს Citroën C5 X-ს და წარმოადგენს საოჯახო მანქანას, რომელიც ვაგონისა და SUV-ის ერთგვარი ნაზავია. ამავე დროს, ის Ford-ის პირველი მანქანაა, რომელიც დიდწილად ჩინეთის გუნდმა შექმნა; სწორედ ამ ქვეყნის ბაზარზე გახდება ის პირველად ხელმისაწვდომი და Changan-ისა და Ford-ის ერთობლივი საწარმო გამოუშვებს.
მიმზიდველი, ხუთკარიანი მანქანის წინა ბამპერი საკმაოდ წააგავს ჩინეთზე ფოკუსირებული კიდევ ერთი მოდელის, ახლახან გამოშვებული Equator SUV-ისას. ცხაურას თავზე განთავსებული სინათლის ზოლი თანდათან დიზაინის ტენდენცია ხდება, რომელიც დღისით მოძრაობის LED ფარების ვიზუალურად დასაკავშირებლად შექმნეს. კარის ამოსაშლელი სახელურები Mustang Mach-E-ს მოგვაგონებს, გვერდიდან კი მაღალი გამავლობის ვაგონს წააგავს.
ინტერიერი დიდად განსხვავდება Ford-ის ამჟამინდელი დიზაინისგან; მანქანას აქვს ულტრაგანიერი ეკრანის კონფიგურაცია, რომელიც სალონში 1,1 მეტრზეა გაშლილი. მაჩვენებელთა დაფა სრულიად ციფრული, 12,3-ინჩიანი და იქვე ახლავს 4K რეზოლუციის მქონე, 27-ინჩიანი სენსორული დისპლეი.
საინფორმაციო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა Ford-ის ლოკალიზებულ SYNC+ 2.0-ზე მუშაობს, Baidu-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასთან ერთად, რომელსაც კომპანია ვირტუალურ პერსონალურ დამხმარეს უწოდებს. Mustang Mach-E-სა და F-150-ის მსგავსად, Evos-ის სისტემას აქვს განახლებების მხარდაჭერა, ანუ, მანქანა მომავალში პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიებს დილერთან მიყვანის გარეშე, დისტანციურად მიიღებს.
ჩინეთს მიღმა მანქანის ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალები მწირია, მაგრამ თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ევროპაში ის Mondeo-ს ჩაანაცვლებს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი Fusion-ს.
ასევე უცნობია ტექნიკური მონაცემები, მაგრამ სავარაუდოდ, მანქანა გლობალურად გაიყიდება ჰიბრიდული ძალური აგრეგატით.