შანხაის ავტოშოუზე Mazda-მ თითქმის უჩუმრად წარმოადგინა უახლესი ელექტრომანქანა, სახელად CX-30 EV.
როგორც სახელიც მიუთითებს, CX-30 EV ეფუძნება შიგაწვის ძრავიან ქროსოვერ CX-30-ს და მისი წარმოება Changan Automobile-ისა და Mazda-ს ერთობლივ საწარმოში მოხდება. იაპონური ავტომწარმოებელი მანქანის შესახებ ბევრ დეტალს ჯერ არ გვიმხელს, მაგრამ ადასტურებს, რომ მას e-SkyActiv ძალური აგრეგატი ექნება.
CX-30 EV ეფუძნება იმავე SkyActiv-Vehicle არქიტექტურას, რომელზეც MX-30-ია აწყობილი; შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Mazda ახალი მანქანის სრულ მახასიათებლებს არ ასაჯაროებს, სავარაუდოა, რომ მასაც MX-30-ის მსგავსი ელექტრო ძალური აგრეგატი ექნება.
თუ მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ხიდთან განთავსებული ელექტროძრავა 141 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მას 35.5 კვტ/სთ მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეები კვებავს AC და DC დამუხტვის მხარდაჭერით. Mazda-მ ქროსოვერში აშკარა ვიზუალური ცვლილებებიც შეიტანა.
მაგალითად, CX-30 EV სტანდარტულ მოდელზე შესამჩნევად მაღალია. კომპანიამ ექსტერიერი ასევე აღჭურვა ახალი ნაწილებით, მათ შორის უფრო გამოკვეთილი წინა ბამპერით, ბორბლების გაშლილი ფრთებით, უნიკალური პანელებით და სახურავის რელსებით. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა რაიმე ცვლილება ინტერიერში.