Ferrari ახალი 812 Superfast-ის limited edition მოდელის პირველ ოფიციალურ ფოტოებს აქვეყნებს, მანქანის დებიუტი კი 5 მაისს შედგება.

812 Superfast-ის ახალი ვერსიის სახელიც 5 მაისს გახდება ცნობილი, სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც Ferrari-ს სოციალური მედიის არხების საშუალებით გადაიცემა.

ახალი მოდელი აღჭურვილია Ferrari-ს უახლესი, ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც ამ შემთხვევაში 818 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და წარმოადგენს ყველაზე მძლავრ ძრავას, რომელიც ამ ავტომწარმოებელს ჩვეულებრივი გზების მანქანებში ოდესმე გამოუყენებია. გარდა ამისა, ეს მხეცი ძრავა წუთში 9500 ბრუნს ასრულებს, რაც ერთი შეხედვით თითქოს დაუჯერებელი მაჩვენებელია; ამ მაჩვენებლით ის ასევე არის Ferrari-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ბრუნის მქონე საგზაო მანქანა.

ახალი 812-ის ატმოსფერული V12 ძრავა „ჩვეულებრივი“ Ferrari 812 Superfast-ის ძრავისგან განაახლეს, შეცვლილია მრავალი კომპონენტი, ახალია სარქველის მექანიზმი, გამოსაბოლქვ სისტემას კი კვადრატული მილები აქვს, რათა მომხმარებელს „უპრეცედენტო“ წარმადობა შესთავაზოს V12 სეგმენტში.

ჭეშმარიტი Ferrari-ს მოდის მიხედვით, სრულიად განახლებულია შასიც, რათა უფრო უკეთესი და ამაღელვებელი იყოს მანქანის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბევრ დეტალს ჯერ არ გვიმხელს, აღნიშნავს, რომ ყოველ თვალს საკუთარი, დამოუკიდებელი საჭით მართვის მექანიზმი აქვს, რაც ჯერჯერობით უსახელო 812-ს უფრო მოქნილსა და ზუსტს ხდის მოსახვევებში, საჭის მიმართ კი უფრო მგრძნობიარეს. Ferrari-ს ამ ახალ მხეცში შედგება გვერდით მოსრიალების კონტროლის (Side Slip Contro) სისტემის 7.0 ვერსიის დებიუტიც.

ახალი 812-ის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ასპექტია თითქმის სრულიად ახალი ძარა, რომელმაც ფორმა „ღრმა აეროდინამიკური კვლევის“ შედეგად მიიღო. ძარის განახლების მთავარი მოტივი იყო მიმჭერი ძალის დონის მაქსიმუმამდე გაზრდა, რისთვისაც ასევე გამოიყენეს ახალი წინა ჰაერმიმღებები, უზარმაზარი უკანა დიფუზორი და გამოსაბოლქვი მილების განლაგება და ახალი, დაპატენტებული უკანა ეკრანი, რომელშიც მინა ერთნაჭრიანმა ალუმინის სტრუქტურამ ჩაანაცვლა და აქვს ბრუნვითი ტურბულიზატორებიც. იმის გამო, რომ თითქმის ყველგან მსუბუქი მასალებია გამოყენებული, მაგალითად, ნახშირბადის ბოჭკო, უახლესი V12 მოდელი 812 Superfast-ზე უფრო მსუბუქია. რაიმე სახის რიცხვები ჯერ ცნობილი არ არის.

ამას გარდა, ახალ მანქანას აქვს გარდიგარდმო დაყენებული ნახშირბადის ბოჭკოს ფრთაც, რომელიც ალუმინის უკანა ეკრანთან ერთად, 812-ის მოცულობის ზოგად აღქმას ცვლის და მანქანა უფრო მოკლე და განიერი ჩანს. უკანა ეკრანი მოდელს უფრო კომპაქტურ იერსაც აძლევს.

ახალი limited edition 812-ის ინტერიერი ჩვეულებრივი Superfast-ის ხელსაწყოთა პანელს ინარჩუნებს, მაგრამ ახალია კარის პანელები.

მოდელის დებიუტი 5 მაისს შედგება.