Audi ელექტრომობილებისადმი დიდ ერთგულებას იჩენს და ამის კვალდაკვალ, კომპანიაში მრავალი ცვლილებაა. შედეგად, გასაჭირში აღმოჩნდა ისეთი სპორტული მანქანები, როგორებიც არის შუაძრავიანი R8 და TT.

Top Gear-თან საუბრისას, ბრენდის გაყიდვების გლობალური ხელმძღვანელი ჰილგრად ვორტმენი აღნიშნავს, რომ ინდუსტრია იცვლება. მომხმარებლებს აღაფრთოვანებთ ახალი სეგმენტები, რაც კარგად ხსნის, თუ რატომ არის მაგალითად, კროსოვერი კუპეები ასე პოპულარული დღეს და ასევე, რატომ ვერ შეიძლება ვიხილოთ მომავალში R8. ყოველ შემთხვევაში, ისეთი, როგორიც ახლაა.

„R8 ჩვენი ბრენდის საკულტო მოდელია, მაგრამ წარსულის კულტები უცილობლად ვერ ხდებიან მომავალშიც კულტები. R8-ის მემკვიდრე არ იქნება უბრალოდ R8 ელექტროძრავით. საჭიროა, ის R8 იყოს, მაგრამ განსხვავებული“, — ამბობს ვორტმენი.

მისივე განცხადებით, იგივე შეიძლება ითქვას TT-ის შემთხვევაშიც; მიუხედავად იმისა, რომ ის „ავთენტური და მაღალემოციურია“, მომხმარებლები იცვლებიან და მსოფლიო როდსტერებს თანდათან შორდება.

როგორც ვორტმენი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ R8 და TT უნდა შეიცვალოს და ხალხი ნელ-ნელა ამ სეგმენტს შორდება, „გართობა არასოდეს კვდება“.

„Audi ყოველთვის ემოციურ მოდელებს ამზადებს. შეხედეთ ჩვენს კონცეპტუალურ და საჩვენებელ მანქანებს. ჩვენ ძალიან ბევრი იდეა გვაქვს“.

მართლაც, თუ გავითვალისწინებთ ისეთ კონცეპტებს, როგორებიც არის Vision GT Gran Turismo, PB18 და e-tron GT-ის მსგავსი რეალური მანქანები, როგორც ჩანს, Audi სპორტულ მანქანებზე მაინც ფიქრობს. თავის ინვესტიციებით, Porsche-სთან ერთად, მომავალ PPE პლატფორმაზე ალბათ Audi-ს ბევრ საოცრებას ვიხილავთ.