Jeep-ის შემადგენლობა ფართოვდება — 2022 წლის ნოემბერში ახალი, საწყისი დონის ქროსოვერის წარმოება დაიწყება.
გამოცემა Automotive News Europe-ის ცნობით, მოდელის კოდური სახელია Project 516. აიწყობა პოლონეთის ქალაქ ტიჩიში და დაეფუძნება CMP პლატფორმას, რომელზეც აწყობილია ისეთი მწარმოებლების მოდელები, როგორებიც არის Citroën-ი, DS, Peugeot და Opel / Vauxhall-ი.
ქროსოვერი თავდაპირველად ბენზინის ძრავებით გაეშვება, მაგრამ 2023 წლის თებერვალში დაიწყება ელექტრო ვარიანტის წარმოებაც. გავრცელებული ინფორმაციით, 11 თვის შემდეგ მას მოჰყვება მაილდ ჰიბრიდული ვარიანტი.
მახასიათებლები ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, Jeep-ი გამოიყენებს PSA-ს ძრავებს და მოდელებს კომპანია Stellantis-ი ააწყობს, წელიწადში 110 000 ერთეულის რაოდენობით. გამოცემა ასევე იუწყება, რომ მაილდ ჰიბრიდ ვარიანტს წინა წამყვანი თვლები ექნება, ელექტროძრავა კი ძრავასა და გადაცემათა კოლოფს შორის განთავსდება.
2023 წლის აპრილში, საწყისი დონის Jeep-ს მოჰყვება Fiat ქროსოვერი, კოდური სახელით Project 364. ელექტრო და მაილდ ჰიბრიდი ვარიანტები მასაც ექნება და სავარაუდოდ, დაეფუძნება კონცეპტუალურ მოდელ Centoventi-ს. როგორც ჩანს, Stellantis-ი ამ მოდელზე დიდ იმედს ამყარებს, რადგან დოკუმენტებში მიუთითა, რომ წელიწადში 130 000 ერთეულს გამოუშვებს.
საინტერესოა, რომ Alfa Romeo-ს ქროსოვერი, რომელსაც შეიძლება Brennero ერქვას, წარმოებისთვის ჯერ არ დამტკიცებულა. გაჭიანურების მიზეზი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ გადაიდო Tonale-ც.
მიუხედავად ამისა, ელექტრო Alfa ქროსოვერის წარმოების დაწყებას 2023 წლის ოქტომბერში ვარაუდობენ. ექვსი თვის შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს მაილდ ჰიბრიდი ვარიანტიც, 2024 წელს კი ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსია. ამ უკანასკნელის დამტკიცების შემთხვევაში, სრული ამძრავის ეს სისტემა შეიძლება ახალ Jeep-საც დაემატოს.