Genesis-ი უკვე დიდი ხანია საგულდაგულოდ ემზადება ევროპის პრემიუმ მანქანების ბაზარზე შესასვლელად. უკვე ცნობილია დროც — ეს ამ ზაფხულს მოხდება.
ბებერ კონტინენტზე პირველად G80 სედანი და GV80 SUV-ი გამოჩნდება ივნისში, მალე მათ მოჰყვება G70 და GV70, მაგრამ კომპანია აქ გაჩერებას არ აპირებს — ევროპაში ხელმისაწვდომი იქნება ელექტრიფიცირებული G80-იც.
Hyundai-ს მაღალი კლასის მანქანების ბრენდი იუწყება, რომ მათი ავტომობილები გერმანიაში არსებულ საკუთარ ქარხანაში უკვე მოარგეს ევროპის გზებს; წარმოებამდელმა მანქანებმა კი ათობით ათასი კილომეტრი გაიარა ევროპის 15 ქვეყნის ყველაზე რთულ და გამომწვევ გზებზე, ისევე როგორც ნიურბურგრინგის სარბოლო გზაზე. იმ ბაზარზე უფრო გასაძლიერებლად, სადაც ამჟამად Audi, BMW და Mercedes-ი დომინირებენ, Genesis-ი პირველივე წელს შეიყვანს ორ დამატებით ელექტრომოდელს, რომელთაგან ერთი სპეციალურ ელექტრულ პლატფორმაზე აიგება. მართალია, კომპანია დეტალებს საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს Hyundai Ioniq 5 და Kia EV6-ის დობილი ქროსოვერი, რომლის ამჟამინდელი კოდური სახელია JW.
„გასული ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენმა მომხმარებლებმა მთელ მსოფლიოში აღიარეს ჩვენი ერთგულება განსაკუთრებული დიზაინის, პროდუქციის ხარისხისა და ავთენტურობისადმი. გვჯერა, რომ დროა, ჩვენი ბრენდის ისტორიაში ახალი თავი გადავფურცლოთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბრენდის იდენტობა და მაღალი კლასის მანქანების გამორჩეული დიაპაზონი ევროპაში მოგვაქვს“, — აღნიშნავს Genesis-ის გლობალური ხელმძღვანელი ჯეი ჩანგი.
Genesis-ის მანქანების ოფიციალური გაყიდვები ევროპაში გერმანიიდან, შვეიცარიიდან და გაერთიანებული სამეფოდან დაიწყება. კომპანია მანქანებს ონლაინაც გაყიდის.