Taycan-ის გამოშვებით, Porsche-მ პირველი ნაბიჯი გადადგა ელექტრიფიცირებული მომავლისკენ. ელექტრო იქნება შემდეგი თაობის პრემიუმ კომპაქტური SUV-ი Macan-იც; სავარაუდოდ გზაშია Cayenne EV-იც და როგორც ჩანს, ამ სიაში შეიძლება 718 Boxster-იც ვიხილოთ.
გერმანული კომპანიის საწყისი დონის ღია სახურავიანმა სპორტულმა მანქანამ, ისევე როგორც Cayman კუპემ, შეიძლება, ელექტრული ძალური აგრეგატი მიიღოს, მაგრამ იყოს შიგაწვის ძრავიანი ვარიანტებიც. გამოცემა Car & Driver-ის ცნობით, Boxster EV-ს (სახელი დაუდასტურებელია) წინასწარ კონცეპტის სახით ვიხილავთ და ის შეიძლება ახალ პლატფორმას დაეფუძნოს, მომავალი Macan EV-ის პლატფორმისგან განსხვავებულს.
Porsche-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მიხაელ შტაინერის განცხადებით, ამჟამინდელი თაობის ელექტრო პროტოტიპები უკვე შექმნეს, მაგრამ ისინი ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა. წონა ელექტრომობილისთვის უმნიშვნელოვანესია, რათა მან ისეთივე კარგად იაროს, როგორც ბენზინის ვერსიებმა. ელექტრო Boxster-ისა და Cayman-ის სწორ ხაზზე სვლა შეიძლება ძალიან ჰგავდეს მათ ბენზინზე მომუშავე ვერსიებისას; სავარაუდოდ, 96 კმ/სთ სიჩქარეს ისინი 3 წამზე ოდნავ მეტში განავითარებენ.
ელექტრო Boxster-ს Porsche-მ ათი წლის წინ მოუსინჯა პირი. ერთ მათგანს ერთი ძრავა და უკანა წამყვანი თვლები ჰქონდა, მეორეს კი ორი ძრავა და ოთხივე წამყვანი თვალი. 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შექმნილი იყო ჰიბრიდი სატესტო ვერსიაც; შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ავტომწარმოებელი მართლაც უკვე მუშაობდეს სრულად ელექტრო Boxster-ზე.