2022 წლის Toyota Prius-ს ახალი სპეციალური გამოშვება Nightshade უერთდება, რომელიც ინტერიერში მთლიანად შავად არის გადაწყვეტილი, ექსტერიერი კი სამ სხვადასხვა ფერში იქნება ხელმისაწვდომი.
მუქი აქცენტები ასახულია წინა ფარებში, გვერდითა სარკის ჩარჩოებში, კარის სახელურებში, სპოილერსა და ე. წ. ზვიგენის ფარფლ ანტენაში. AWD-e სპეციფიკაციის მოდელს აქვს 15-ინჩიანი ალუმინის დისკები, მაგრამ FWD მანქანაზე ისინი 17-ინჩიანია.
სალონში მომხმარებელს დახვდება SoftTex გადასაკრავები, ნახევრად ბზინვარე და ქრომირებული მორთულობა, ელექტრონულად მორგებადი წინა სავარძლები (მძღოლის სავარძელს აქვს გათბობაც) და საჭე გათბობით. სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი საინფორმაციო სისტემის 7-ინჩიანი სენსორული ეკრანი, რომელიც თავსებადია Apple CarPlay, Android Auto, Amazon Alexa სმარტფონით ინტეგრაციის სისტემებთან.
გარდა ამისა, 2022 წლის Prius Nightshade Edition-ს ასევე აქვს დამხმარე დომკრატი, 12-ვოლტიანი დენის წყარო და სამი USB პორტი, უსადენო დამუხტვის დაფა, ხმის ამოცნობა, Bluetooth, Siri Eyes Free, სამკარიანი ჭკვიანი გასაღების სისტემა, დაქოქვა-ჩაქრობის ღილაკი და მულტიინფორმაციული დისპლეი მძღოლისთვის.
სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი Toyota Safety Sense 2.0 pack სისტემა, რომელიც მოიცავს ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელს, დინამიკურ რადარულ კრუიზ-კონტროლს, შეჯახებამდე გამაფრთხილებელ სისტემას დაბალი განათების პირობებში ქვეითის დაფიქსირების უნარით, ველოსიპედისტის ამოცნობას, ავტომატურ შორ განათებასა და საგზაო ნიშნების ამომცნობს.
ენერგიას გამოიმუშავებს 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ატკინსონის ციკლური ბენზინის ძრავა და ორი ელექტროძრავა. უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი ენერგიას წინა ან ორივე ხიდს აწვდის. წინა წამყვანი თვლების მქონე ვარიანტის წვის მაჩვენებელი ქალაქი-ტრასის კომბინაციით 100 კმ-ზე 4,4 – 4,7 ლიტრს შეადგენს, სრული ამძრავის (AWD) კი 4,6 – 5,0 ლიტრს.