როგორც იქნა, BMW-მ სპორტულ i4 M50-ს სახვევები მოხსნა. i და M ქვებრენდების „ქორწინების“ ეს შედეგი პირველი ელექტრო M მანქანა იქნება. გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებით, მას უფრო მეტი საერთო აქვს M Performance-თან, ვიდრე M მოდელთან.
2022 წლის BMW i4 M50 ინარჩუნებს M ბრენდის ვიზუალურ ეშხსა და აგრესიას და აჩენს იმედს, რომ ასეთი იქნება მისი ელექტრული მომავალი. იმაში დასარწმუნებლად, რომ ის ასევე ინარჩუნებს M ხაზის თვისებებს, აქვს 536 ცხენის ძალა, რასაც ორი ელექტროძრავა გამოიმუშავებს; წინა ძრავს 255 ცხენის ძალა აქვს, უკანას კი 308. მათ კონტროლს უწევს ერთსიჩქარიანი ტრანსმისია.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებლები მომენტალურად მიიღწევა Sport Boost ფუნქციის გამოყენებისას, რომელიც სისტემის წევის ძალას 10 წამზე ნაკლებში ზრდის 67 ცხენის ძალით. სხვაგვარად, კომბინირებული სიმძლავრე 469 ცხენის ძალას შეადგენს.
BMW-ს განცხადებით, i4 M50-ს 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 3,9 წამში შეუძლია, სიჩქარის მაქსიმუმი კი 225 კმ/სთ-ია; სტანდარტული i4-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებლები 5,7 წამი და 189 კმ/სთ-ს შეადგენს. შედარებისათვის — სტანდარტული სპეციფიკაციების უახლესი M3 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 4,1 წამში ავითარებს, 503 ცხენის ძალის მქონე Competition-ი კი 3,8 წამში.
გარდა სრულად ელექტრო ოთხივე წამყვანი თვლის სისტემისა და უფრო მძლავრი ძრავებისა, i4 M50-ს ასევე აქვს ადაპტური M საკიდარი ინდივიდუალურად ფორმამიცემული ზამბარებითა და რესორებით, სპეციალურად დაპროექტებული განივი მდგრადობის სტაბილიზატორითა და დამატებითი ზამბარის დგარით წინა მხარეს. ასევე აქვს ცვალებადი სპორტული საჭით მართვის სისტემა, M Spor მუხრუჭები და 19-ინჩიანი სტანდარტული M ალუმინის დისკები სხვადასხვა ზომის საბურავებით. BMW-ს განცხადებით, უკეთესი მოდულის წყალობით, i4 M50-ის გრავიტაციის ცენტრი 1,3 ინჩით უფრო დაბლაა, ვიდრე 3-Series სედანში.
რაც შეეხება ბატარეას, მანქანა ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 395 კილომეტრს გადის; 11-კილოვატიანი სატენით სრული დამუხტვისთვის 7,6 საათია საჭირო. კომპანიის განცხადებით, შესაძლებელია სწრაფი დამუხტვაც, მაქსიმუმ 200-კილოვატიანი სატენით, რომელიც მუხტს 10 პროცენტიდან 80 პროცენტამდე სულ რაღაც 31 წუთში ავსებს.
სალონში დაგხვდებათ იგივე უზარმაზარი მოღუნული ეკრანი, რაც iX-ში. გადამრთველი ბერკეტის სიახლოვეს ნახავთ მართვის რეჟიმის ღილაკებს. სავარძლები M3-დან და M4-დან არის გადმოტანილი, მაგრამ ოდნავ შეცვლილი ფერებით.
ჩვეულებრივი i4-ის მსგავსად, i4 M50 მოდელი აშშ-ის ბაზარზე 2022 წლის პირველ კვარტალში გავა. ფასი 65,900 დოლარიდან დაიწყება.