წლის დასაწყისში, შანხაის ავტოშოუზე Toyota-მ კონცეპტუალური მანქანა bZ4X წარმოადგინა. ამჯერად ელქტრო ქროსოვერის ჩრდილოამერიკული პრეზენტაცია აშშ-ში შედგა.

კონცეპტი მომავალ საწარმოო მოდელს ასახავს და პირველია ელექტრომობილთა სერიაში, სახელად bZ (Beyond Zero — ნულს ქვემოთ).

მიუხედავად იმისა, რომ Toyota დეტალებს ჯერ საგულდაგულოდ მალავს, ცნობილია, რომ bZ4X შეიქმნა Subaru-სთან ერთად და Solterra-ს „ძმობილი“ იქნება. მოდელს დაახლოებით იგივე ზომა აქვს, რაც RAV4-ს და აგებულია ახალ e-TNGA პლატფორმაზე, რომელიც სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შეიქმნა.

მისი ელექტრო ძალური აგრეგატიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ აქვს აეროდინამიკური ექსტერიერი მკვეთრი დიზაინითა და მინიმალისტური ჰაერმიმღებებით. კონცეპტს ასევე აქვს კონტრასტული აქცენტები და „ჩაფსკვნილი“ გვერდითი გარსშემომდენები. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის დამტენი პორტი წინა ფრთაზე, მოხდენილი მხრის ხაზი და აეროდინამიკური უკანა ნაწილი ორმაგი სპოილერით.

ფუტურისტული დიზაინი სალონშიც გრძელდება; აქვს გაჭრილი მილის მსგავსი მაჩვენებელთა ციფრული დაფა. მოქნილი საჭე სამმანიანია; იქვეა თავისუფლად მდგომი საინფორმაციო სისტემა, მის ქვეშ კი კლიმატკონტროლი.

როგორც წესი, უკანა სავარძლებს არასოდეს ექცევა დიდი ყურადღება, მაგრამ Toyota-მ შენიშნა, რომ თვლების გრძელი ბაზა ინტერიერის სივრცეს გაზრდიდა. ბრტყელია ძირიც და მოჩანს უკანა სავარძლების გათბობის საკონტროლო ღილაკები.

უცნობი რჩება გარბენი და მასთან დაკავშირებული სხვა მახასიათებლები, მაგრამ Toyota ადასტურებს, რომ ამ მხრივ, მოდელი ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება.

საწარმოო მოდელი ბაზარზე 2022 წელს გავა, უფრო მეტ დეტალს კი წლის ბოლოს შევიტყობთ. ალბათ იმედი ნამდვილად არ გაგვიცრუვდება, თუ გავითვალისწინებთ Toyota-ს დიდი ისტორიას ეკომეგობრული მანქანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმება Prius-ი და RAV4 EV-ი.

უნდა აღინიშნოს, რომ Toyota ელექტრიფიკაციას აორმაგებს და 2025 წლამდე 70 ელექტრიფიცირებული მოდელის გამოშვებას გეგმავს. 15 მათგანი სრულად ელექტრო იქნება, მათგან შვიდი კი bZ ბრენდის ქვეშ. იაპონური კომპანიის განცხადებით, უახლოს მომავალში ელექტრიფიკაცია შეეხება პიკაპების ხაზსაც; აქ პირველ რიგში 2022 წლის Tundra იგულისხმება, რომლის თიზერებიც გასულ თვეში გავრცელდა.