ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა Mercedes-AMG GT 4-Door Coupe მრავალჯერ დააფიქსირეს, მაგრამ ამჯერად, კომპანიამ მოდელი უკვე ოფიციალურად წარმოადგინა.
2022 წლის GT 4-კარიან კუპეს ოდნავ განახლებული იერი და ახალი ფერები აქვს. მოდელი ასევე აღჭურვილია 20 და 21-ინჩიანი ახალი დისკებით. საწყისი დონის ექვსცილინდრიან ვარიანტს აქვს წითელი სამუხრუჭე სუპორტებიც.
მყიდველებს დიდი ასორტიმენტი ელოდებათ დიზაინის პაკეტების თვალსაზრისით; მათ შორის არის Silver Chrome Exterior Package, რომელიც უკვე აღარ არის 63 S-ის ექსკლუზივი.
არის AMG Night Package II-იც, რომელსაც აქვს მუქი, ქრომირებული ცხაურა და ჩამუქებული ემბლემა.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია სალონში, სადაც მძღოლს დახვდება ახალი AMG Performance საჭე, რომლის ინტეგრირებული სენსორიც განსაზღვრავს, გიკიდიათ თუ არა მასზე ხელები.
განახლება შეეხო მორთულობასა და გადასაკრავებსაც. გაზრდილია უკანა სავარძლების მოცულობა.
მოწინავე მოდელი აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ტურბოძრავით, რომელიც 362 ცხენის ძალას და 500 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. დაკავშირებულია ცხრასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემასთან. 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი დაახლოებით 4,8 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად არის შეზღუდული და 269 კმ/სთ-ს შეადგენს.
მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს GT 53, რომლის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ტურბოძრავა 429 ცხენის ძალას და 520 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 4,4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად არის შეზღუდული და 280 კმ/სთ-ს შეადგენს.
Mercedes-ი ჯერ ბევრს არაფერს გვამცნობს V8 ვარიანტების შესახებ, მაგრამ ადასტურებს მათ შესახებ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ისინი მოგვიანებით გამოვა. უფრო დიდი სიახლე კი ალბათ ახალი დატენვადი ჰიბრიდი ვარიანტი იქნება.