მომდევნო 30 წლის განმავლობაში, Toyota-ს მანქანების ოჯახში ელექტრომობილების გარდა სხვა მრავალი სახის წევრიც იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ აქციონერებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
„ზედმეტად ადრეა მხოლოდ ერთ ვარიანტზე კონცენტრირება“, — ასე უპასუხა დირექტორთა საბჭოს წევრმა შიგეკი ტერაშიმ ერთ-ერთი ინვესტორის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ადგას მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი ელექტრიფიკაციის განსხვავებულ გზას, თუნდაც Honda Motor Co.-სგან, რომელიც 2040 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილთა წარმოებას გეგმავს.
ტერაშის განცხადებით, 2050 წლამდე, ერთმანეთს კონკურენცია უნდა გაუწიონ სხვადასხვა ვარიანტებმა, მათ შორის ჰიბრიდებმა და სათბობ ელემენტზე მომუშავე მანქანებმა, რაც კომპანიისთვის საუკეთესო გზაა.
სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, ავიღოთ თუნდაც General Motors-ი, რომელიც ოცი წლის შემდეგ მხოლოდ ელექტრომობილებს შემოგვთავაზებს, Toyota მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ გლობალურ ავტობაზარზე არაელექტრო მანქანებიც გარკვეულ როლს შეასრულებენ.
„ზოგს ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილი უყვარს, მაგრამ ზოგსაც ეს ტექნოლოგია მოუხერხებლად მიაჩნია. საბოლოოდ გაიმარჯვებს ის, რასაც მომხმარებელი აირჩევს“, — განაცხადა Toyota-ს ტექნოლოგიების უფროსმა ოფიცერმა მასაჰიკო მაედამ.
Toyota-ს ლოგიკა, რომ ელექტრომობილებისკენ ნელა წავიდეს, მხოლოდ მომხმარებელთა მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ელექტრომანქანებისათვის და მათი ბატარეებისთვის საჭირო ნედლეული სინამდვილეში შეიძლება უფრო მეტად აბინძურებდეს გარემოს, ვიდრე მანქანების გამონაბოლქვი. იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, ის იმუშავებს წარმოების პროცესების გამარტივებაზე, რათა ელექტრომობილებისა და სხვა მანქანების წარმოების ღირებულება შემცირდეს.