2022 წლის Honda Civic-ის შემადგენლობა ფართოვდება — კომპანიამ ახალი ჰეტჩბეკი ვარიანტი წარმოადგინა.

მოდელი განახლებული სედანის კვალს მიჰყვა და გამოირჩევა უფრო თავშეკავებული, შეიძლება ითქვას, ცოტა მოსაწყენი დიზაინით.

რა თქმა უნდა, ზუსტი ასლიც არ არის, რადგან ჰეტჩბეკი გამოირჩევა უფრო კუთხური ზევით ასაწევი უკანა კარით, უნიკალური უკანა ნაწილითა და ინტეგრირებული სპოილერით. ხუთკარიან მოდელს ასევე აქვს უფრი წვრილი უკანა გაბარიტული ფარები, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს სპოილერის კონტურებთან გამავალი თხელი ზონარი.

მანქანის დანარჩენი ნაწილი დიდწილად სედანისას ჰგავს; ნაცნობია ინტერიერის თანამედროვე დიზაინიც. მძღოლის წინ 7- ან 10,2-ინჩიანი მაჩვენებელთა ციფრული დაფაა, გვერდით კი 7- ან 9-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა. ამ უკანასკნელს აქვს Android Auto და Apple CarPlay თავსებადობა.

გარდა ამისა, ჰეტჩბეკი სედანზე უფრო პრაქტიკულია, აქვს დიდი საბარგული და სივრცე უკანა მგზავრებისთვის. Honda საბარგულის მოცულობას არ აკონკრეტებს, მაგრამ შენიშნავს, რომ უკანა სავარძლის მგზავრებს ფეხებისთვის 36 მმ დამატებითი სივრცე აქვთ.

საწყისი დონის ვარიანტი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 158 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 180 ცხენის ძალით.

ძრავა დაკავშირებულია ან ექვსსიჩქარიან მექანიკურ ან უსაფეხურო გადაცემათა კოლოფთან. მექანიკური ტრანსმისია მხოლოდ Sport და Sport Touring კომპლექტაციებშია წარმოდგენილი.

მოდელი აღჭურვილია Honda Sensing-ის მძღოლის დამხმარე სისტემებით, რომლებსაც აქვს უფრო მძლავრი პროცესორი, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა და ფართო ხედვის კამერა.

2022 წლის Honda Civic ჰეტჩბეკის წარმოება აშშ-ში მოხდება და ფასი 20 000 დოლარიდან დაიწყება.