რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მოექცა წყალქვეშ გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში Audi-ს სადილერო პუნქტი კატასტროფული წყალდიდობის შემდეგ. ამჯერად ვრცელდება ახალი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იგივე სიტუაციაა ქალაქ ჰაილბრონის Porsche-ს სადილერო ცენტრშიც.
სამწუხაროდ, გერმანიასა და ბელგიაში მომხდარმა ამ წყალდიდობამ 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია.
ვიდეო 18 ივლისს არის გადაღებული და ის გამოცემა Carscoops-ს გაუგზავნეს.
როგორც მანქანის ბორბლებზე ჩანს, წყლის დონე გარე პარკინგზე 500 მილიმეტრია და სავარაუდოდ, შენობაშიც არის შესული. წყალშია მოქცეული სულ მცირე სამი Porsche 992 – მათ შორის 911 Carrera 4S Cabriolet, 911 Turbo და 911 Coupe.
იქვეა ორი მაღალი Macan-ი და ორი Cayenne Coupe მოდელი. ამ უკანასკნელიდან ერთ-ერთი Cayenne E-Hybrid-ია, რომელიც დამტენზეა შეერთებული. და ბოლოს, ჩანს სადილერო პუნქტთან დაპარკინგებული სრულად ელექტრო Taycan-იც.
როგორც ჩანს, დატბორილი მანქანები მფლობელებთან გასაგზავნად იყო გამზადებული, რადგან ზოგიერთ მათგანს ტრანსპორტირებისთვის საჭირო დამცავი თეთრი სტიკერები აქვს. არ არის გამორიცხული, წყალმა მანქანების სალონები დააზიანა და ისინი მფლობელებთან აღარ გაიგზავნოს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულია 911 Turbo, რომლის ფასიც გერმანიაში 189,176 ევროდან იწყება, აშშ-ში კი 170,800 ევროდან.
ახალი მანქანების გარდა, სადილერო პუნქტში ბევრი მეორადი Porsche-ს მოდელიც არის, რომლებიც სავარაუდოდ ასევე დაზიანდებოდა.
მართალია, ცუდი სანახავია ასეთ მდგომარეობაში მყოფი ახალი მანქანები, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება იმ ადამიანთა სიცოცხლეს, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა.