ყოველწლიურად ოკეანეში 11,4 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება ნაგვის სახით. ეს ნარჩენები თითქმის მთელ პლანეტას ედება, მაგრამ ერთხელაც, ის ნიდერლანდების სანაპიროზე ოთხი წლის ბავშვის ხელში მოხვდა, რომლის მამამაც გადაწყვიტა, რაღაც მოემოქმედებინა.
კოლეგა მეწარმე მარტინ ლუკაარტთან ერთად, ბიჭის მამამ, ედუინ ბოსმა Beach Bot-ი შექმნა, ავტომატური რობოტი, რომელიც პლაჟებზე დადის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ქვიშაში სიგარეტის ნამწვებს ეძებს.
რობოტი ნამწვებს კამერების საშუალებით ეძებს, შემდეგ კი სავარცხლის მსგავსი ორი მოწყობილობით იღებს, შემდეგ კი სპეციალურ კონტეინერში ინახავს.
„მსურს, ჩემი ბავშვები ფეხშიშველები დადიოდნენ ქვიშაზე ისე, რომ მინის ნამსხვრევებს ან სიგარეტის ნამწვებს არ დააბიჯონ“, — ამბობს ნიდერლანდების შევენინგენის პლაჟის სიახლოვეს მცხოვრები ოსკარ დე გრეივი Microsoft-თან საუბრისას. Microsoft-ი პროექტის მხარდამჭერია.
სამწუხაროდ, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის ნამწვები ქვიშაში ძალიან ღრმად ხვდება. მის დაშლას 14 წელიწადი სჭირდება. 2019 წელს ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის პლაჟების ყველაზე ხშირი დამაბინძურებელია. აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ის სავსეა მიკროპლასტმასებითა და ძალიან ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით და წარმოადგენს დანაგვიანების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პრობლემას.
საბედნიეროდ, Microsoft-ის აპლიკაცია Trove-ის საშუალებით ხალხს შეუძლია ატვირთოს პლაჟების ფოტოები და ყოველ დადასტურებულ ფოტოზე 25 ცენტი მიიღოს. ამის შემდეგ, სურათებს ანალიზები უტარდება სიგარეტის ნამწვებზე, რაც შემდეგ Beach Bot-ს მათ რეალურად მოძებნაში ეხმარება.
გამომდინარე აქედან, სრულყოფილად მოქმედებისთვის Beach Bot-ს ხალხის მიერ მიწოდებული შესაფერისი მონაცემები სჭირდება. წინააღმდეგ სიტუაციაში, ის ფაქტობრივად უმოქმედოა.
გასული წლის სექტემბერში ჩატარებულ პირველ დემონსტრაციაში, რობოტმა 30 წუთში 10 ნამწვი შეაგროვა, მისი ბატარეა კი დაახლოებით 1 საათს ძლებს. მომდევნო დემოში მას ეყოლება ორი უფრო პატარა მზვერავი რობოტი, რომლებიც უბრალოდ ნამწვებს მოძებნიან და ეტყვიან, რა მიმართულებით წავიდეს.
რობოტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამ ტექნოლოგიით მომავალში სხვა სახის ნაგავსაც შეაგროვებენ.