Mercedes-მა უჩუმრად შექმნა ახალი S 680 Guard 4MATIC-ი.
მანქანა განკუთვნილია ბიზნესის ხელმძღვანელების, სელებრითებისა და სახელმწიფოს მეთაურებისთვის; წარმოადგენს მდიდრულ, ჯავშნიან სედანს, რომელშიც შერწყმულია მგზავრობის კომფორტი და მაქსიმალური პროდუქტიულობა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი ჯერჯერობით დუმს, გერმანული გამოცემების ცნობით, მანქანა ეფუძნება გრძელი თვლების ბაზიან S-Class-ს და აქვს VR10 დონის თავდაცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრები დაცული იქნებიან პატარა ცეცხლსასროლი იარაღისა და თითქმის ყველაფრისგან, გარდა საკმაოდ ძლიერი თავდასხმებისა.
სპეციფიკაციების შესახებ ამ დროისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა აღჭურვილია მრავალშრიანი მინითა და პოლიკარბონატული ფანჯრებით, რომელთა სისქეც დაახლოებით ერთი სანტიმეტრია. მოდელს ასევე აქვს მგზავრის დაცული განყოფილება და პნევმატიკური სალტე გაძლიერებული გვერდულებით, რაც თავდასხმიდან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა.
S Guard-ს სავარაუდოდ ასევე ექნება ცეცხლსაქრობი სისტემა და გადაუდებელი სუფთა ჰაერის სისტემა. როგორც სახელიც მიუთითებს, ეს უკანასკნელი, სალონში სუფთა ჰაერს ტუმბავს, რათა მგზავრები კვამლის ან გაზისგან დაიცვას.
სალონში ხელმისაწვდომია სავარძლების ოთხ- და ხუთადგილიანი კონფიგურაცია და თითქმის S-Class-ის იდენტურია. მყიდველს იქ დახვდება პრემიუმ ხარისხის ტყავი, ხის მორთულობა და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები. მოდელი შეიძლება ასევე აღიჭურვოს მაცივრით.
მანქანა მუშაობს 6.0-ლიტრიან V12 ძრავაზე, რომელიც სავარაუდოდ 604 ცხენის ძალას გამოუმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაკავშირებულია ცხრასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემასთან.
S 680 Guard 4MATIC-ის აწყობას 51 დღე დასჭირდება და სავარაუდოდ, მისი ფასი დაახლოებით 500 000 ევრო იქნება.