ჩინური კომპანია Xiaomi ინდუსტრიაში მოწინავე თვითმართვად საავტომობილო ტექნოლოგიებზე მუშაობას იწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საავტომობილო სფეროში Xiaomi ახალია, მას მე-4 დონის ავტონომიური სისტემის შექმნა სურს და ამისათვის გუნდის 500 ახალ წევრს ეძებს.

მათი უმეტესობა კომპანიის სათავო ოფისში, პეკინში იმუშავებს; ტექნოლოგიურმა გიგანტმა ცოტა ხნის წინ ონლაინ სარეკლამო კამპანიაც წამოიწყო, რომელშიც ავტონომიურ მართვასთან დაკავშირებულ 20 სამუშაო პოზიციას გვთავაზობს.

ცოტა ხნის წინ, Xiaomi-მ განაცხადა, რომ შექმნის ჭკვიანი მანქანის ქვედანაყოფს, რომელშიც 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მარტში ცნობილი გახდა, რომ Xiaomi მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანია Great Wall-თან; მოლაპარაკების მიზანი Great Wall-ის ერთ-ერთი ჩინური ქარხნის გამოყენება იყო საკუთარი ბრენდის ქვეშ ელექტრომობილების საწარმოებლად. ბევრი ექსპერტის აზრით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Xiaomi პირველ ელექტრომობილს 2023 წელს გამოუშვებს და აქვს სურვილი, რომ მისი მანქანები მისივე პროდუქციის ეკოსისტემის სხვა მოწყობილობებთან იყოს დაკავშირებული.