წლის დასაწყისში, ინტერნეტში განახლებული BMW iX3-ის ფოტოებმა გაჟონა. კომპანიამ მოდელი ამჯერად ოფიციალურად წარმოადგინა.

მანქანის დებიუტი მიუნხენის ავტოშოუზე შედგება. განახლებული მოდელი აღჭურვილია დიდი თირკმელი-ცხაურით, რომელსაც ერთნაჭრიანი ჩარჩო აქვს. მას აქეთ-იქიდან ამშვენებს LED ფარები.

ცვლილებები ამით არ მთავრდება — iX3-ში ახლა უკვე სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი M Sport პაკეტი. აქვს უფრო აგრესიული ბამპერები და სპორტული უკანა დიფუზორი. უკანა გაბარიტული ფარები სამგანზომილებიანია. 19-20-ინჩიან დისკებს კი აეროდინამიკური დიზაინი აქვს.

დიდი ცვლილებებია სალონში, სადაც მძღოლს დახვდება მაჩვენებელთა 12,3-ინჩიანი ციფრული დაფა და 12,5-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა.

სპორტულ სავარძლებს Sensatec-ის გადასაკრავი მასალები ამშვენებს. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ტყავის გამოყენებაც.

80 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეები უკან ჩამონტაჟებულ ელექტროძრავს კვებავს, რომელიც 282 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 6,8 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ია. ერთი სრულად დატენვით ქროსოვერს 460 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მანქანას აქვს 150-კილოვატიანი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც, 100 კილომეტრის გასავლელად საჭირო მუხტს ის 10 წუთში იღებს. სახლის პირობებში, 11-კილოვატიანი დამტენით მანქანა 0-დან 100 პროცენტამდე დაახლოებით 7,5 საათში იტენება.

განახლებული iX3-ის წარმოება სექტემბერში, ჩინეთში დაიწყება. ევროპის ბაზარზე ის შემოდგომაზე გამოჩნდება და 67,300 ევრო ეღირება.