Toyota სრულიად დამსახურებულად იწონებს თავს ბოლო ათწლეულში პირველი ახალი Tundra-თი და პიკაპის თიზერებსაც აქვეყნებს.
ამ დრომდე მრავალი თიზერი და ინფორმაციაა გავრცელებული, ამიტომ, შევეცადეთ ყველაფერი შეგვეჯერებინა ახალი მანქანის შესახებ, რომელიც ისეთ გიგანტებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიც არის Ford F-150, Chevrolet Silverado, GMC Sierra და RAM 1500.
მაისში Toyota-მ პიკაპის წინა ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა, სურათზე მანქანას ფარები ჰქონდა ანთებული. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ 2022 წლის Tundra-ს ზედ ცხაურის შუაგულში გრძივი ციმციმა ექნებოდა.
ივნისში ინტერნეტში Tundra-ს მრავალმა ფოტომ გაჟონა, რასაც მალე 2022 Tundra TRD Pro-ს ოფიციალური ფოტოებიც მოჰყვა. ჩანდა მასიური ცხაურა, რომლის ცენტრში დატანებული გრძივი ციმციმას თავზეც Toyota-ს სრული სახელი ეწერა.
ციმციმას ქვეშ ჩანდა ჰაერმიმღებები და მოხდენილი, ახალი ბორბლებიც. გაჟონილი ფოტოები მიუთითებდა, რომ ამ ფორმაში, საბარგულის კარს დიდად ეწერა TRD PRO. საერთო დიზაინი საკმაოდ მოუხეშავი მოჩანდა.
ივნისში Toyota-მ საზოგადოებას ამცნო, რომ მანქანას ახალი iForce MAX ძრავა ექნება. თან დართული ფოტო მეტყველებდა, რომ ეს ძრავი სავარაუდოდ V6 უნდა ყოფილიყო.
თუ გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, ახალ Tundra-ს გაცილებით მძლავრი ძრავა უნდა ჰქონდეს, ვიდრე წინა მოდელის 5.7-ლიტრიანი V8 381 ცხენის ძალის შემთხვევაშია. ცნობილია ისიც, რომ ახალი Land Cruiser-ის ახალი ორმაგი ტურბო V6 409 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Toyota ასევე მიუთითებს, რომ მოახდენს მთლიანი ხაზის ელექტრიფიკაციას, მათ შორის პიკაპების, ანუ სავარაუდოა, რომ ახალ Tundra-ს ჰიბრიდული სისტემის გარკვეული დეტალები ექნება. ამ ეტაპზე, დეტალები უცნობია.
ცოტა ხნის წინ, Toyota-მ 2022 წლის Tundra-ს საკიდრის კონფიგურაციის დეტალები გამოაქვეყნა, რომელიც მრავალ სიახლეზე მიუთითებდა.
ივლისში, Toyota-მ გვამცნო, რომ ახალი Tundra არა მხოლოდ მძლავრი ოფროუდერი, არამედ მაღალი კლასის მდიდრული მანქანაცაა. უზარმაზარი პანორამული, გამჭვირვალე ლიუკი ცის ულამაზეს ხედს გვთავაზობს. გარდა ამისა, ახალ მოდელში ბრუნდება გადასასრიალებელი უკანა ელექტრო ფანჯარა.
და ბოლოს, ორ თიზერზე Toyota-მ ინტერიერზეც მიგვანიშნა. სალონის შუა ნაწილიდან გადაღებული ფართო კუთხის ხედი გვიჩვენებს მოტორსპორტით შთაგონებულ საჭეს წითელი ზონარით და თავისუფლად მდგომ დიდ საინფორმაციო ეკრანს სალონის შუაში. ასევე ჩანდა ხელის ჩასაჭიდები წინა დგარებზე და ზედა კონსოლი.
ცოტა ხნის წინ, ავტომწარმოებელმა გვაჩვენა TRD Pro კომპლექტაციის წითელი სავარძლები, რათა დაემტკიცებინა, თუ რამდენად დახვეწილია ახალი პიკაპი.
ფოტოებზე ჩანს მართვის რეჟიმების ღილაკები და სმარტფონის უსადენო დამტენიც.
სულ ეს არის ის ყველაფერი, რაც Toyota-მ ამ დრომდე გვითხრა ახალი Tundra-ს შესახებ. მანქანის დებიუტი სავარაუდოდ შემოდგომაზე შედგება. ფასების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ 2021 წლის საბაზისო Tundra SR-ის ფასი 34,025 დოლარია, Tundra Pro კი 49,125 დოლარი ღირს.