მართალია, ელეტქრომანქანებისკენ გარდამავალ ხანაში ვცხოვრობთ, მაგრამ კიდევ რჩება დრო Nissa-ის ბენზინზე მომუშავე Z-სერიის ერთ-ერთი უკანასკნელი გაელვებისთვის — ეს გახლავთ 2023 წლის Nissan Z.
Z Proto-ს პირველი ფოტო შარშან ამ დროს ვიხილეთ და მას შემდეგ, საწარმოო მოდელმა რამდენიმე ვიზუალური ცვლილება განიცადა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა სპოილერი, რომელმაც სპორტულ მანქანას უფრო მეტი აგრესიულობა შესძინა.
საერთო ჯამში, Nissan Z-ს აქვს გრძელი კაპოტი მძლავრი ხაზებითა და სილუეტით, რომელიც პირველი თაობის Z-სას წააგავს. შენარჩუნებულია გარკვეულწილად საკამათო კვადრატული ცხაურა Proto-დან და ფარები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოგჭრით თვალს კიდეების დიზაინითა და დღისით მოძრაობის გამრუდებული LED ფარების დიზაინით, რომელიც 1970-იანი წლების Fairlady 240ZG-სას ჰგავს.
ბოლო თვეებში ძალიან ბევრი რამ ითქვა Z-ს ძალური აგრეგატის შესახებ. ვიცოდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 და ასეც მოხდა. ამ ძრავას აქვს 400 ცხენის ძალა და 475 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი; მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ზოგიერთი ჭორი მიუთითებდა, მაინც მეტია, ვიდრე ფლაგმანი Toyota Supra-სი.
ხელმისაწვდომია გადაცემათა კოლოფის ორი ვარიანტი. პირველი მათგანია ექვს-სიჩქარიანი მექანიკა, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის და აქვს გაშვების კონტროლის მოწინავე სისტემა. ამავე მოდელებს აქვთ ნახშირბადისა ბოჭკოს კომპოზიტური ამძრავი ლილვი. მეორე ვერსიაა ცხრა-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი.
რა თქმა უნდა Toyota Supra-სთან კონკურენციისთვის, Nissan Z-ს სათანადო გამკლავება სჭირდება. ამჟამინდელი 370Z-სგან განსხვავებით, 2023 წლის Z-ს ახალი წინა და უკანა ამორტიზატორები აქვს უფრო ფართო დიამეტრით. შედეგად, მინიმუმამდეა დაყვანილი დარტყმითი ბიძგები უსწორმასწორო ზედაპირზე მოძრაობისასაც კი. ახალი გეომეტრია აქვს ორბერკეტიან ალუმინის საკიდარსაც. გაზრდილია ძარის სიმტკიცე; საჭით ელექტრონული მართვა კი 13 პროცენტით ზრდის მოსახვევებში შესვლის შესაძლებლობებს.
ცხრა-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ მოდელებს აქვს მართვის Standard და Sport რეჟიმები.
2023 Z აღჭურვილია ოთხდგუშიანი ალუმინის სუპერტებით წინა თვლებზე და ორდგუშიანით უკანებზე.
2023 წლის Nissan Z-ის ინტერიერი ექსტერიერის თემატიკას მიჰყვება, ანუ გამოირჩევა რეტრო დიზაინით, რომელიც რადიკალურად განსხვავდება Toyota Supra-სგან. მანქანას სტანდარტის სახით აქვს საზომ ხელსაწყოთა 12.3-ინჩიანი ციფრული დაფა და სამი ანალოგური დაფა საინფორმაციო ეკრანის ზემოთ, რომლებიც უჩვენებენ წნევას, ტურბო-სიჩქარესა და ძაბვას.
2023 წლის Z-ის ფასი Nissan-ს ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ სავარაუდოდ, მანქანის ფასი 40,000 დოლარიდან დაიწყება.