შეეგებეთ Genesis-ის პირველ ელექტრომანქანას, სახელად GV60-ს, რომელის ოფიციალური ფოტოებიც მწარმოებელმა პირველად გვიჩვენა.

Genesis GV60 ეფუძნება იმავე E-GMP პლატფორმას, რომელსაც Hyundai Ioniq 5 და Kia EV6 იყენებენ. თუმცა, ახალი მანქანა აღნიშნული ორი მოდელის უფრო მდიდრული, პრემიუმ ალტერნატივაა, რომლის დიზაინიშიც აშკარად იგრძნობა Genesis-ის ხელწერა.

GV60-ის წინა ნაწილი ერთი შეხედვითვე თვალში მოგხვდებათ, რაც ე. წ. Quad Lamps ფარებისა და ბრენდის „გამოშვერილი“ ცხაურის დამსახურებაა.

გვერდიდან შეხედვისას, შეუძლებელია ვერ შენიშნოთ, რომ ტრადიციული სარკეების ნაცვლად, GV60-ს კამერები აქვს. აღჭურვილია კარის ელექტრონული სახელურებითაც, რომლებიც SUV-თან მგზავრის მიახლოებისთანავე ამოიშლება.

მოდელის უკანა ნაწილში ნახავთ ორხაზიან LED გაბარიტულ ფარებს, ფიქსირებულ უკანა სპოილერსა და კუპეს ფორმის სახურავის ხაზს.

გარკვეული უნიკალური გადაწყვეტილებებია Genesis GV60-ის სალონშიც, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია Crystal Sphere. როდესაც მანქანა ჩამქრალია, Crystal Sphere წარმოქმნის განწყობის განათებას და როდესაც დაძვრისთვის მზად ხართ, სფერო ბრუნვას იწყებს. სხვა გამორჩეულ მახასიათებელთა შორის არის მოძრავი კონსოლი, ეკრანები უკანა ფრთის კამერებისთვის, საზომ ხელსაწყოთა დიდი ციფრული ბლოკი და საინფორმაციო სისტემის გამოკვეთილი, სენსორული დისპლეი.

GV60-ის ტექნიიკურ დეტალებს Genesis-ი ჯერჯერობით არ ამხელს.