2021 წლის მიუნხენის მოტორშოუზე Mercedes-მა ოფიციალურად წარმოადგინა Maybach EQS SUV-ის კონცეპტი.

კონცეპტუალური მანქანა იმისათვის შეიქმნა, რომ წინასწარ შეგვიქმნას გარკვეული წარმოდგენა მომავალ ქროსოვერზე, რომელსაც 2023 წელს უნდა ველოდოთ. კომპანია მოდელს „თითქმის საწარმოო“ კონცეპტს უწოდებს, რომელსაც 21-ე საუკუნის ყველა ფუფუნება ექნება.

ულტრამდიდრულ კონცეპტს აქვს გამოკვეთილი წინა ბამპერი მასიური და სრულიად დახურული ცხაურით, რომელსაც გარს აკრავს წვრილი LED ფარები, ზემოდან კი გამოსახულია Maybach-ის ემბლემა.

კარები სრულად ავტომატურია და სახელურები მძღოლის მიახლოებისთანავე ამოიშლება. კიდევ უფრო ახლოს მისვლისას, მძღოლის კარი ავტომატურად გაიღება. სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია უკანა კარების დისტანციურად გაღება.

სალონში დაგხვდებათ ფუტურისტული საჭე და მთელ სიგანეზე გადაჭიმული ჰიპერდისპლეი, რომელიც მოიცავს 12,3-ინჩიან ეკრანს წინა მგზავრისთვისაც.

არანაკლებ კომფორტში არიან უკანა სავარძლების მგზავრები. ორ სავარძელს ერთმანეთისგან ელეგანტური კონსოლი ყოფს. ამ უკანასკნელში არის ყვავილების ვაზა და ჭიქების ჩასადები, ისევე როგორც მაღალტექნოლოგიური სამკლავური (მკლავის ჩამოსადები) ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემით.

კონცეპტის შესახებ Mercedes ჯერ ბევრს არაფერს ამბობს, მწირია ცნობები სპეციფიკაციების შესახებაც, მაგრამ ადასტურებს, რომ აგებულია ელექტრომობილის ახალ პლატფორმაზე და მიზნად ისახავს EQS SUV-ის წინასწარ ჩვენებას, მოდელის, რომელიც მომავალ წელს შეიქმნება. მას მოჰყვება Maybach ვარიანტი და როგორც კომპანია აღნიშნავს, ქროსოვერი ერთი სრული დამუხტვით 600 კილომეტრს გაივლის.