ცოტა ხნის წინ, Apple-ს სერიოზული პრობლემა შეექმნა, როცა Ford-მა მისი მანქანის პროექტის ხელმძღვანელი, დაგ ფილდი გაათავისუფლა. თუმცა, ტექნოლოგიურ გიგანტს ამანაც ვერ ააღებინა ხელი ოცნებაზე, რომ შექმნას ელექტრომობილი ავტონომიური მართვის მოწინავე სისტემებით.

გასულ კვირაში, ინტერნეტში გავრცელდა ცნობები, რომლებიც გვაუწყებდნენ, რომ Apple-ის წარმომადგენელი იაპონიაში იმყოფებოდა საკუთარ პროექტზე ავტომწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიზნით. ითქვა ისიც, რომ მოლაპარაკებები Toyota-სთანაც გაიმართა.

ამჯერად, კორეიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, Apple-მა შეიძლება ავტომწარმოებლებში მოკავშირეთა ძებნას თავი დაანებოს და საკუთარი მანქანა თავადვე გამოუშვას. გამოცემა MK-ის ცნობით, Apple-ის შეთავაზებები ბევრი ავტომწარმოებლისთვის არახელსაყრელი იყო, მათ შორის ქვეკონტრაქტორ Foxconn-ისთვისაც.

კორეული აუთლეტი აღნიშნავს იმასაც, რომ Apple-მა საკუთარი საავტომობილო კვლევითი ინსტიტუტი შექმნა და ამჟამად მიმწოდებლებს ნაწილების შესახებ ინფორმაციას სთხოვს, ამასობაში კი კვლევებს და რესურსების მოძიებას აგრძელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, Apple car-ი შეიძლება 2024 წლის დასაწყისში ვიხილოთ. თუმცა, თუ მართალია ის ცნობა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი მანქანის წარმოებას თავადვე აპირებს, ეს თარიღი ნაკლებად სავარაუდო ჩანს.

რაც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ Apple საავტომობილო სექტორში შესვლაზე ძალიან სერიოზულად ფიქრობს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მუშაობს საკუთარ უნიკალურ ბატარეაზე, რომელსაც შეიძლება მონოუჯრედული დიზაინი ჰქონდეს და ლითიუმ-იონური უჯრედების ნაცვლად იყენებდეს ლითიუმი-რკინის ფოსფატს.