მრავალი გადადების შემდეგ, წარმოებაში ჩაეშვა მანქანა, რომელსაც ავტომოყვარულები დიდხანს ელოდნენ — Rivian R1T.

ამ მომენტს საზოგადოება მართლაც დიდხანს ელოდებოდა; R1T კომპანიამ პირველად 2018 წლის ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარმოადგინა და მისი წარმოება 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო გეგმა შეიცვალა.

პირველი R1T იქნება Launch Edition-ი, რომლის ფასიც 73 000 დოლარიდან დაიწყება. ისინი აღჭურვილია 20- ან 22-ინჩიანი ალუმინის დისკებით, ელექტრო გადასახსნელი უკანა ძარით და ჰაერის კომპრესორით. მძღოლს ასევე დახვდება საჭის გათბობა და ვეგანური ტყავით დაფარული სავარძლები გათბობა-ვენტილაციით. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის Meridian-ის აუდიოსისტემა, ხის მორთულობა და საინფორმაციო სისტემის 16-ინჩიანი დისპლეი. ერთი დატენვით მანქანა 505 კილომეტრს დაფარავს.

მომავალი წლის დასაწყისში უნდა გამოჩნდეს Adventure და Explore ვარიანტებიც. 2022 წელს დაგეგმილია Max battery ვარიანტი, რომელიც ერთი დატენვით 644 კილომეტრს გაივლის.