თქვენ წინაშეა განახლებული, 2022 წლის Honda Passport-ი და როგორც მოსალოდნელიც იყო, მისი დიზაინი უფრო უხეშია.
ცვლილებები წინა ნაწილიდან იწყება, სადაც დაინახავთ ახალ კაპოტს Power bulge-ით, სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილ წინა ფრთებს და განახლებული დიზაინის ცხაურას. Honda-მ შეცვალა წინა ბამპერიც და დაუყენა ახალი ხვრელები, რომლებიც აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად, ჰაერს ბამპერიდან იღებენ და წინა თვლების გარშემო მიმართავენ.
ცვლილებები უკანა ნაწილშიც გრძელდება, სადაც 2022 წლის Passport-ს აქვს უფრო აგრესიული უკანა ბამპერი დიდი გამოსაბოლქვი მილებით, საბუქსირო ძელის საფარით. დისკების ზომა 18 და 20 ინჩია.
2022 წლის Honda Passport-ის შესახებ ერთ-ერთი გამორჩეული სიახლეა TrailSport ვარიანტი. Honda-მ სავაჭრო ნიშანი TrailSport-ი წლის დასაწყისში დააპატენტა და როგორც აღნიშნავს, Passport-ი პირველი იქნება ამ სახელის მოდელების სერიაში. ახალ Passport TrailSport-ს აქვს 10 მმ-ით განიერი წინა და უკანა ნაკვალევი, უნიკალური ცხაურა, უფრო აგრესიული წინა და უკანა ბამპერები.
მოდელს ასევე აქვს 18-ინჩიანი დისკები 245/60R18 საბურავებით და TrailSport-ის სიმბოლოები. სალონში ნახავთ ნარინჯისფერი კონტრასტის ნაქარგებს საჭეზე, კარის პანელებსა და სავარძლებზე. მაჩვენებელთა დაფას გარს აკრავს შავი ქრომირებული ზოლი.
2022 წლის Honda Passport-ის ყველა მოდელი, მათ შორის TrailSport-იც სტანდარტის სახით აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ცხრა-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ენერგიას ოთხივე თვალს აწვდის.
სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი მძღოლის დამხმარე სისტემები, მათ შორის, შეჯახების შემსუბუქების სამუხრუჭე სისტემა წინა შეჯახების გამაფრთხილებლით, ზოლის შენარჩუნების დამხმარე, გზიდან გადასვლის შემამსუბუქებელი და ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი, ადაპტური კრუიზ-კონტროლი.
ფასი ამ ეტაპზე უცნობია.