BMW ევროპის ბაზარზე საშემოდგომო სიახლეებს აანონსებს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ძირითადად i4-ისა და iX-ზე მუშაობაზეა ფოკუსირებული, ავტომწარმოებელი შიგაწვის ძრავიან მოდელებსაც არ ივიწყებს და 4-Series Convertible-ის სამ ახალ ვარიანტს გვთავაზობს.

პირველი მათგანია M440i Convertible, რომელიც გამოირჩევა 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელსაც 369 ცხენის ძალა აქვს. ძრავა დაკავშირებულია რვა-სიჩქარიან სტეპტრონიკ სპორტულ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს M სპორტული დიფერენციალით აწვდის. ასეთი კონფიგურაციის წყალობით, მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 5,2 წამში ავითარებს, რაც 0,3 წამით ნაკლებია, ვიდრე ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვარიანტის შემთხვევაში.

მეორე მოდელია M440d xDrive Convertible, რომლის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბოდიზელიც 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. დაკავშირებულია რვა-სიჩქარიან სტეპტრონიკ სპორტულ გადაცემათა კოლოფთან, რომლის წყალობითაც, მოდელი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 5,0 წამში ავითარებს. დიზელის ძრავისთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია და როგორც კომპანია აღნიშნავს, მასაც M სპორტული დიფერენციალი ექნება.

და ბოლოს, 430i xDrive Convertible, რომელსაც 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა აქვს 242 ცხენის ძალით. რვა-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფისა და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემის წყალობით, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ის 6,3 წამში ავითარებს.

კიდევ ერთი დიდი სიახლეა i3-ისა და i3 s-ის Unique Forever Edition ვარიანტი.

მთელ ხაზში, X1 xDrive18d და X2 xDrive18d აღიჭურვება რვა-სიჩქარიანი სტეპტრონიკ ტრანსმისიით, დაემატება ფერებიც. გარდა ამისა, განახლდა აპლიკაცია My BMW App, რომელიც ახლა უკვე სრულყოფილ ინფორმაციას მოგვაწვდის მანქანის საბურავების შესახებ.

და ბოლოს, iX3-ს დაემატა თერმული მენეჯმენტის ჭკვიანი სისტემა, როგორიც i4-სა და iX-შიც არის წარმოდგენილი. როდესაც სანავიგაციო სისტემა შენიშნავს, რომ მძღოლს დასამუხტ სადგურთან გაჩერება სჭირდება, ავტომატურად, წინასწარ მოამზადებს ბატარეას, რათა გარანტირებული იყოს იდეალური ტემპერატურა მაქსიმალურად დამუხტვისთვის.