Jeep-ი Grand Cherokee-ს ხაზს აფართოებს — თვლების ბაზის 126 მილიმეტრით შემცირების შედეგად, შექმნა ორრიგიანი, ხუთადგილიანი მოდელი, რომელიც იანვარში წარმოდგენილი შვიდადგილიანი მოდელის ახალი კომპანიონია.
2022 წლის მოკლე Grand Cherokee-ს იგივე სტილი აქვს, რაც მის დიდ ძმას, 2021 წლის Grand Cherokee L-ს, მაგრამ მისი თვლების ბაზა 2964 მილიმეტრამდეა შემცირებული და პირველად ამ ხაზში, აქვს ჰიბრიდული სისტემა.
ახალ დატენვად ჰიბრიდ მოდელს Grand Cherokee 4xe ჰქვია და აღჭურვილია ოთხცილინდრიანი ძრავითა და ორი ელექტროძრავით, ზუსტად ისე, როგორც პატარა Wrangler 4xe. 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავისა და 17 კვტ/სთ ბატარეის კომბინაცია 4xe-ს 375 ცხენის ძალას აძლევს. ქალაქში სვლისას, ელექტრორეჟიმით შესაძლებელია 40 კილომეტრის დაფარვა.
მოდელის ერთი დადასტურებული ვარიანტი იქნება Trailhawk-ი, რომელიც ტალახში სიარულის მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს. პნევმატური საკიდრის წყალობით, მისი კლირენსი 287 მილიმეტრია, აქვს ოფროუდ საბურავები, უკანა ბლოკირებადი დიფერენციალი და სხვა მრავალი ისეთი მახასიათებელი, რომელიც ოფროუდში ნამდვილად გამოგადგებათ.
ხაზის დანარჩენი ვარიანტებია Laredo, Altitude, Overland, Summit და Summit Reserve კომპლექტაციები. თუმცა, თუკი 4xe ჰიბრიდი გსურთ, გეტყვით, რომ ის ხელმისაწვდომი არ არის საწყის ორ კომპლექტაციაში.
საბაზისო მოდელებში სტანდარტის სახით იქნება უკანა წამყვანი თვლები, მაგრამ მოდელების მიხედვით, Jeep-ის ასევე გვთავაზობს Quadra-Trac I, Quadra-Trac II და Quadra-Drive II მართვის ვარიანტებს.
ისევე როგორც გარედან, ხუთადგილიანი Grand Cherokee თითქმის ისეთივეა, როგორიც მისი შვიდადგილიანი დიდი L ძმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაგხვდებათ მდიდრული მახასიათებლები და ზოგიერთი ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ფლაგმანურ Wagoneer-ებშია, მათ შორის, McIntosh-ის აუდიოსისტემა.
Jeep-ი ფასებს ჯერ არ აკონკრეტებს, მაგრამ სავარაუდოდ, აშშ-ის ბაზარზე ის ოდნავ ნაკლები ეღირება, ვიდრე L-ი, რომლის ფასიც ამჟამად 38 635 დოლარიდან იწყება.