2023 წლის Corvette Z06, რომელსაც დიდხანს ველოდით, 26 ოქტომბერს ოფიციალურად წარდგება საზოგადოების წინაშე. იქამდე კი, მალულად გადაღებული ახალი ფოტოები ცხადყოფს, რომ კუპე მოდელს Chevrolet კაბრიოლეტსაც მოაყოლებს.

ის, რომ ახალი Z06 მოდელი Coupe და Convertible კონფიგურაციებში იქნება ხელმისაწვდომი, სულაც არ არის გასაკვირი, რდგან C7 Z06-იც ორივე ამ სტილში იყო წარმოდგენილი. უცნობია, როდის შედგება C8 Z06-ის პრემიერა, მაგრამ შედარებისთვის გეტყვით, რომ 2015 წელს, C7 Z06 Coupe და Z06 Convertible სამთვიანი შუალედით ვიხილეთ.

ეს კონკრეტული პროტოტიპი მიჩიგანის შტატში, მილფორდში გადაიღეს, როდესაც GM-ი მას ტესტავდა. ჩანს, რომ Z06 Coupe-ს მსგავსად, აქვს გარკვეული ახალი მახასიათებლებიც. მაგალითად, უკანა დაბოლოება გამოირჩევა ცენტრში დაყენებული ოთხი გამოსაბოლქვი მილით, რითაც ის უფრო C7 Corvette-ს ჰგავს და მანქანას დაუყოვნებლივ გამოარჩევს პატარა ვარიანტებისგან. შეამჩნევთ იმავე წინა ბამპერსაც, რაც Z06 Coupe-ს აქვს.

მექანიკური თვალსაზრისით, ახალი Z06 Convertible პრაქტიკულად კუპეს იდენტური უნდა იყოს. შედეგად, აღჭურვილი იქნება 5.5-ლიტრიანი V8-ით, როგორიც სარბოლო მანქანა C8.R-შიც არის წარმოდგენილი. ამ ძრავას დაახლოებით 617 ცხენის ძალა აქვს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული C8 Corvette Stingray-ს 495 ცხენის ძალას.

 

ახალი Z06 Convertible-ს მხოლოდ ახალი ძრავით არ იქნება გამორჩეული. Coupe-ს მსგავსად, შეიძლება ისიც ორი სხვადასხვა აეროდინამიკური კონფიგურაციით იყოს ხელმისაწვდომი, რომელთაგან ერთს უფრო დიდი, ფიქსირებული უკანა ფრთა ექნება. საკიდრისა და სამუხრუჭე სისტემების მრავალი სიახლის წყალობით კი, მანქანა გაცილებით უფრო მრავლისშემძლე უნდა იყოს სარბოლო ბილიკზე.