Audi R8 შეიძლება მესამე თაობის სახითაც ვიხილოთ, მაგრამ ის შეიძლება საკმაოდ განსხვავებული იყოს ამჟამინდელი მანქანისგან.

2006 წელს, როდესაც R8 პირველად გამოუშვეს, ჰქონდა 4.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავა. რამდენიმე წლის შემდეგ აღჭურვეს უფრო მძლავრი, 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავით, 2015 წელს კი მისი მეორე თაობა ვიხილეთ. ამოიღეს V8 ძრავა და ერთადერთ ვარიანტად მხოლოდ V10 დარჩა.

გამოცემა Auto Bild-ის ცნობით, მესამე თაობის R8-ს შეიძლება V8 ძრავა დაუბრუნდეს, მაგრამ 4.0-ლიტრიანი და ორმაგი ტურბო, რომლითაც აღჭურვილი Lamborghini Urus-ი და VW Group-ის სხვა მოდელები. გამოცემის ვარაუდით, მას შეიძლება 700 ცხენის ძალა და ჰიბრიდიზაციის გარკვეული ფორმა ჰქონდეს.

შემდეგი თაობის R8-ის სხვა დეტალების შესახებ გერმანული გამოცემა ვერაფერს ამბობს, გარდა ვარაუდისა, რომ ის შეიძლება 2023 წელს ვიხილოთ და შესაძლოა, ელექტროვერსიაც ჰქონდეს. ელექტრომოდელი სავარაუდოდ ფლაგმანურ ვარიანტად იპოზიციონირებს, წინა თაობის R8 e-tron-ისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ 456 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და დაახლოებით მილიონი ევრო ღირდა. Audi-მ მისი მხოლოდ ასამდე ეგზემპლარი გაყიდა და შესაბამისად, ახალ ელექტრო ვერსიას გაცილებით მეტი სიმძლავრე და ნაკლები ფასი ესაჭიროება.

შემდეგი თაობის Audi R8-ის შესახებ ცნობები უკვე რამდენიმე წელია ვრცელდება, მაგრამ გერმანული ავტომწარმოებელი ამ საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.