Volkswagen-ი ელექტრომობილების დიაპაზონს აფართოებს — ახალი ID.5 უკვე არსებული ID.4-ის SUV-Coupe ვერსიაა უფრო თამამი სახურავითა და უკანა ნაწილით. წარმოადგენს Audi Q4 e-tron Sportback-ისა და Skoda Enyaq Coupe iV-ის „დობილ“ მოდელს და ის თავდაპირველად მხოლოდ ევროპაში გაიყიდება, შემდეგ კი სხვა ბაზრებზეც გავა.
ID.5 ინარჩუნებს ID.4-ის დიზაინის მრავალ დეტალს, მაგრამ დამატებული აქვს სპორტული, დამრეცი სახურავი. პროფილში განსხვავება დიდი არ არის, როგორც ეს თუნდაც BMW X5-სა და X6-ს შორის იყო.
შექმნილია როგორც ID.4-ის კუპე „ძმობილი“ და ბევრი დეტალი ნასესხები აქვს VW-ს სხვა სპორტული მოდელებისგან.
სალონში თითქმის ყველაფერი ID.4-ის იდენტურია, მათ შორის საჭეც, მაჩვენებელთა დაფაც და ზოგადი სოლიდური დიზაინიც. მიუხედავად დამრეცი სახურავისა, ID.5-ს შიდა სივრცე უფრო მეტი აქვს.
ID.5 GTX კომპლექტაციას ორი ძრავა, AWD კონფიგურაცია აქვს; წინა თვლებს 108 ცხენის ძალა მიეწოდება, უკანებს კი 201, მაქსიმალური სიმძლავრე კი 295 ცხენის ძალაა. შედეგად, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 6,3 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ია.
რაც შეეხება დანარჩენ პაკეტებს, უკანა ძრავიან ID.5 Pro-ს 172 ცხენის ძალა აქვს, ასეთივე კონფიგურაციის ID.5 Pro Performance-ს კი 201. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ისინი 10,4 და 8,4 წამში ავითარებენ; ორივეს მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია.
ყველა ID.5 მოდელი აღჭურვილია 77 კვტ/სთ ბატარეებით. Pro და Pro Performance მოდელები ერთი დატენვით 520 კილომეტრს ფარავენ, GTX ვერსია კი 480 კმ-ს.
ალბათ როგორც ახალი ელექტრომობილისგან უნდა ელოდოთ კიდეც, ID.5 აღჭურვილია ყველა უახლესი ტექნოლოგიით. მათ შორის არის გაფართოებული რეალობის ამოსაშლელი დისპლეი, ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ზოლის შენარჩუნების დამხმარე, პროგრამული განახლებების მიღების შესაძლებლობა.
მოდელებს აქვთ დამუხტვის მოწინავე ტექნოლოგიებიც. AC სადგურებზე ან სახლის კედლის დამტენებზე მანქანის დამუხტვა შესაძლებელია 11 კილოვატზე, სწრაფ დამტენებზე კი 135 კილოვატზე, სადაც 320-390 კილომეტრის გავლისათვის საჭირო მუხტს დაახლოებით 30 წუთში იღებს.