ორმაგმა ტურბოჩაბერვიანმა Lamborghini Gallardo-მ აშშ-ში ნახევარი მილის გარბენის ახალი რეკორდი დაამყარა; მან ეს მნიშვნელოვან მოდიფიკაციათა და ძლიერ მამაცი მძღოლის წყალობით შეძლო.

ამ კონკრეტული Gallardo-ს მფლობელია გიდი ჩამდი, რომელსაც აშშ-ში წრეზე დრაგ-რეისინგის მოყვარულები კარგად იცნობენ. სუპერქარის მოდიფიკაცია რამდენიმე წლის წინ Underground Racing-მა განახორციელა. მაშინ, 2016 წელს მისი სიმძლავრე 3000 ცხენის ძალამდე გაზარდეს და Gallardo-მ ნახევარი მილის გარბენის რეკორდიც დაამყარა — 392 კმ/სთ სიჩქარე.

Underground Racing-ს ახლა მთელი თავისი ძალისხმევა Lamborghini Huracan-ისა და Audi R8-ის მოდიფიკაციისკენ აქვს მიმართული, მაგრამ ჩამდიმდე მივიდა ხმა, რომ სხვა Gallardo-ს მფლობელი მისი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობდა. რა თქმა უნდა, მას რეკორდსმენის ტიტულის დათმობა სულაც არ სურდა, ამისათვის კი საჭირო იყო ძალური აგრეგატის განახლება და ტეხასში, Shift Sector ღონისძიებაში მონაწილეობა ახალი რეკორდის დასამყარებლად.

პირველ დღეს გამოსვლისას ჩამდიმ ნახევარი მილის გარბენისას 388 კმ/სთ დააფიქსირა. არ დაკმაყოფილდა და მეორედ ცდა გადაწყვიტა; ამჯერად მან რეკორდული, 401 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ამითაც არ დაკმაყოფილდა და კიდევ ერთ ცდაზე, ამჯერად 403 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა. მისთვის საკმარისი არც ეს აღმოჩნდა და მეოთხე და მეხუთე ცდაზე საკუთარი რეკორდი კიდევ გააუმჯობესა — 405 და 407 კმ/სთ.

ამ გარბენებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ის ფაქტი, რომ მანქანას ჩვეულებრივ გზებზე სამოძრაო Toyo R888R საბურავები ეყენა და არა სპეციალურად დრაგის საბურავები.

ნახევარ მილიან გარბენში 402 კმ/სთ სიჩქარის ბარიერი მხოლოდ რამდენიმე მანქანას აქვს დაძლეული, მათ შორის არის ორმაგი ტურბო Huracan-ი და R8 მოდელი, რომლებიც ასევე Underground Racing-ის მიერ იყო მოდიფიცირებული.

ვიდეოს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.