ჩინეთში, გუანჯოუს ავტოშოუზე Genesis-მა ელექტრიფიცირებული GV70 წარმოადგინა.

GV70 SUV-ის სრულად ელექტრო ვერსია ელექტრიფიცირებული G80 სედანის კვალს მიჰყვა, რომელიც შარშან გამოუშვეს.

Genesis Electrified GV70 აღჭურვილია ორი ელქტროძრავით, რომლებიც ჯამში 482 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. შედეგად, მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,5 წამში ავითარებს.

Genesis-ი ახალი SUV-ის ბატარეის მოცულობაზე ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ ადასტურებს, რომ ისიც იმ 400V/800V მულტი-სწრაფ დატენვის ტექნოლოგიას იყენებს, რომელსაც GV60 და Hyundai Ioniq 5. 350 kW სწრაფ დამტენზე 10-დან 80 პროცენტამდე დასატენად, ბატარეას მხოლოდ 18 წუთი სჭირდება. Electrified GV70 ერთი დატენვით 400 კილომეტრს დაფარავს.

Hyundai-სა და Genesis-ის სხვა ელექტრო მოდელების მსგავსად, Electrified GV70-საც აქვს 3.6 kW-იანი Vehicle to Load მახასიათებელი, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობის მიერთება.

მოდელი ასევე აღჭურვილია Disconnector Actuator System (DAS)-ით, რომელიც მართვის გარემო პირობების მიხედვით, ერთმანეთთან ავტომატურად აკავშირებს ან თიშავს ძრავსა და წამყვან ლილვს. აქვს e-Terrain რეჟიმი და Active Noise Control-Road სისტემაც.

ვიზუალური თვალსაზრისით, Electrified GV70 დიდად არ განსხვავდება სტანდარტული მოდელისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა G-Matrix ცხაურა, რომელშიც იმალება დასამუხტი პორტი.

მცირე ცვლილებებია სალონშიც, მათ შორის, გადამრთველები საჭეზე, რომლებითაც შესაძლებელია რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემის მორგება, Boost ღილაკი ასევე საჭეზე; ამას გარდა, მანქანაში გამოყენებულია უფრო ეკომეგობრული მასალები.