YouTube-ისა და სოციალური მედიის ხანამ სერიოზულად გააბუნდოვანა ზღვარი რეალურ და გასართობ ვიდეოებს შორის. ფინური YouTube-არხის, Pommijätkät-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია, როგორ აფეთქებს უკმაყოფილო მფლობელი Tesla Model S-ს.
ინგლისური ტიტრებით გამოქვეყნებულ ვიდეოში, ტუომას კატაინენი განმარტავს, რომ მის 2013 წლის Model S-ს ბოლო დროს მრავალი პრობლემა გაუჩნდა, რის გამოც, Tesla-ს სერვისცენტრში მისი ბუქსირით წაყვანა მოუხდა. ოთხკვირიანი შემოწმების შემდეგ, Tesla-მ მფლობელს აცნობა, რომ მას ახალი ბატარეები ესაჭიროებოდა, რაც 20 000 ევრო ჯდებოდა.
კატაინენმა გადაწყვიტა, მანქანა არ შეეკეთებინა და სანაცვლოდ აეფეთქებინა, სავარაუდოდ იმის იმედით, რომ ვიდეოთი მიღებული შემოსავლით ახალ მანქანას იყიდდა.
ამისათვის, კატაინენმა მანქანას გარედან 30 კგ დინამიტი მიამაგრა, მძღოლის ადგილას კი ილონ მასკის თოჯინა დასვა. ამის შემდეგ, მანქანა პატარა კლდის ძირში გააჩერა.
აფეთქების პროცესს მაღალი გარჩევადობის slow-motion კამერები იღებდა.
30 კგ დინამიტი საკმარისი აღმოჩნდა, რათა მანქანა სრულად განადგურებულიყო და მისგან აღარაფერი დარჩენილიყო, თოვლზე მიმოფანტული ნაწილების გარდა.
არავინ იცის, ნამდვილია თუ ფეიკი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გამოქვეყნებიდან ექვს დღეში ვიდეოს 2,5 მილიონამდე ნახვა აქვს.