ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ როგორც შეფასებები მიუთითებს, ამ ქვეყნის გზებზე სულ რაღაც 30 000-მე ავტომანქანა დადის. შედეგად, იქ მსოფლიოში ყველაზე დაბალია მანქანის ფლობის მაჩვენებელი. საინტერესოა, ძირითადად რა მანქანებს მართავენ ჩრდილოეთ კორეელები?

სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ ამის დადგენა ძალიან რთულია. ამ „განდეგილი“ ქვეყნიდან ინფორმაცია თითქმის არ გამოდის. თუმცა, Donut Media-ს მიერ გავრცელებულმა ახალმა ვიდეომ ზემოთ დასმულ კითხვაზე შეიძლება გარკვეული პასუხი გაგვცეს.

მანქანების დიდი ნაწილი სამხედრო პერსონალს ეკუთვნის, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ხუთ პროცენტს შეადგენენ. თუმცა, არის იმპორტირებული მანქანებიც. ქვეყნიდან გამოქცეულ ადამიანთა მონათხრობით, ჩრდილოეთ კორეაში დე ფაქტო სამთავრობო მანქანები Mercedes-Benze-ის წარმოებულია და რაც უფრო მაღალ პოზიციას იკავებს ადამიანი მთავრობაში, მით უკეთესია მისი მანქანაც.

გზებზე ნახავთ Toyota-ს მდიდრულ მოდელებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედი სავაჭრო შეზღუდვის მიხედვით, ამ ორივე ავტომწარმოებელს იქ მანქანების გაყიდვა ეკრძალება. ბევრია 1970-იანი წლების Volvo-ც, რაც ალბათ ერთიანად იმპორტირებული 1000 ერთეულის შედეგია, რაზეც როგორც ამბობენ, მთავრობამ თვალი დახუჭა“.

არის ადგილობრივი წარმოების მანქანებიც. სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეაში აწყობილი პირველი მანქანაა Pobeda — საბჭოთა Gaz-ის მიერ შექმნილი სედანი. მწარმოებელმა ქარხანა ფხენიანში ააშენა, სადაც Pobeda-სთან ერთად ასევე უშვებს სამხედრო მანქანებს.

მსოფლიოსგან იზოლირების გამო, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჩრდილოეთ კორეას საკუთარი ავტომწარმოებლებიც ჰყავს. 1950 წელს დაარსდა Sungri Motor Plant-ი, რომელიც კორეის ომისთვის სამხედრო მანქანებს აწარმოებდა. უკვე დიდი ხანია, ეს კომპანია საშინაო მოხმარებისთვის ქმნის სხვა ავტომწარმოებელთა მოდელების პირდაპირ ასლებსაც, Gaz-ის მოდელებით დაწყებული, Volkswagens-ისა და Mercedes-ის კოპივოებით დამთავრებული.

თუმცა, კომპანია Pyeongwha აწარმოებდა Fiat-ისგან ლიცენზირებულ ვერსიებს ისეთი მოდელებისა, როგორებიც არის Siena და Doblo. მას შემდეგ, რაც ეს ხელშეკრულება ამოიწურა, კომპანიამ უამრავი სხვადასხვა ავტომწარმოებლის მოდელის კოპირება დაიწყო. ამჟამად მას ახალი მანქანების წარმოებისა და მეორადი ავტომობილების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს ქვეყანაში.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი — კერძო მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში მანქანის ყოლის უფლება არ აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ფლობს Audi R8-ს, Range Rover-ს, Rolls-Royce-ს და ა. შ.