თუ მანქანაში რეგულარულად ჭამთ, გირჩევთ, ამ ჩვევაზე უარი თქვათ, რადგან როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მანქანები საშუალოდ შეიძლება უფრო ბინძური იყოს, ვიდრე ტუალეტი.
ორგანიზაცია Scrap Car Comparison-ის დაკვეთით, კვლევა ბრიტანეთის ასტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მკვლევრებმა ნიმუშები ორი ტუალეტიდან და სამი მანქანიდან აიღეს. მათგან ერთი მანქანა სულ რაღაც ორი წლის იყო.
სამწუხაროდ, შედეგები საკმაოდ არასასიამოვნოა, რადგან ყველა შესწავლილ ავტომობილში აღმოჩნდა ფეკალური ბაქტერიები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე დიდი ოდენობით ფეკალური ბაქტერია საბარგულში აღმოჩნდა. მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი ბარგი უნდა იყოს.
ფეკალური ბაქტერიები აღმოჩნდა მძღოლის სავარძელზეც, რაც შედარებით ნაკლებად გასაკვირია. იმედია, ახლა მაინც აღარ მოგინდებათ მანქანაში საკვების მირთმევა.
საბარგულში, როგორც მანქანის ყველაზე ბინძურ ადგილას, 1425 ბაქტერია იპოვეს. შემდეგ მოდის მძღოლის სავარძელი 649 ბაქტერიით, სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი — 407 ბაქტერია, უკანა სავარძლები 323 ბაქტერია და მაჩვენებელთა დაფა 317 ბაქტერია.
საინტერესოა, მაგრამ მანქანაში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილი აღმოჩნდა საჭე. ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რადგან მძღოლს ხომ საჭეზე მუდამ უკიდია ხელები. თუმცა, მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს კორონავირუსის პანდემიის დროს ხელის სადეზინფექციო ხსნარების მოხმარების ზრდა.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ რაც უფრო ძველია მანქანა, მით მეტი ბაქტერიაა მასში. კვლევის ავტორის განცხადებით, მათ სულაც არ სურთ ხალხის შეშინება, მაგრამ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი თვალები ყველანაირ სიბინძურეს ვერ ხედავს.
მკვლევრები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ძალღონე არ დავიშუროთ, რათა მანქანა მუდამ სუფთა გვქონდეს. ასე თავიდან ავიცილებთ ავადმყოფობის მრავალ რისკს.