Ferrari-ი წლის ბოლოს დაიწყებს მოდელის წარმოებას, რომელსაც საზოგადოება დიდხანს ელოდა: Purosangue SUV.
უკვე სამ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც Ferrari-მ დაადასტურა, რომ SUV-ების ბაზარზე შედის და გამოუშვებს კონკურენტებს ისეთი მოდელებისთვის, როგორებიც არის Lamborghini Urus-ი და Aston Martin DBX-ი. მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი მოდელის შესახებ დეტალებს საგულდაგულოდ მალავს, ადასტურებს, რომ მისი დებიუტი სულ მალე შედგება.
ბოლო თვეებში, ტესტირებისას Purosangue-ის რამდენიმე პროტოტიპი დააფიქსირეს; აშკარა გახდა, რომ Purosangue ტიპური SUV-ის ფორმის არ იქნება, როგორებიც თუნდაც Urus-ი და DBX-ია. ის სადღაც მათსა და GTC4lusso-ს შორის იქნება. მანქანის ზოგადი ფორმის გარდა, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი მისი დიზაინის შესახებ, რადგან მალულად გადაღებულ პროტოტიპებს Ferrari-სა და Maserati-ის ბევრი სხვადასხვა დეტალი ჰქონდათ.
Purosangue-ში რამდენიმე სხვადასხვა ძალურ აგრეგატს უნდა ველოდეთ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი იგივე საბაზისო, 2.9-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ჰიბრიდული სისტემა იქნება, რაც 296 GTB-შია წარმოდგენილი. ამ სისტემას ჯამში 819 ცხენის ძალა აქვს და თუ Purosangue-შიც ზუსტად იმავე სახით გადმოიტანეს, ის უდავოდ ყველაზე მძლავრი SUV-ი გახდება ამჟამინდელ ბაზარზე. მაგრამ თუკი 2.9-ლიტრიანი V6 ელექტროძრავის გარეშე ჩასვეს, მან 654 ცხენის ძალა უნდა გამოიმუშაოს და ის ამ შემთხვევაშიც კი აჯობებს ამ მხრივ Urus-ს.
თუ ზოგიერთ ინფორმაციას დავუჯერებთ, ასევე შეიძლება ვიხილოთ SF90 Stradale-ს 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა, ოღონდ ამ სუპრქარისგან განსხვავებით, ელექტროძრავის გარეშე. ასევე აქვს შანსი ატმოსფერულ V12 ძრავას.