Mercedes-Benz-მა ევროპაში ოფიციალურად დაიწყო AMG GT 63 S E Performance-ის გაყიდვა და პარალელურად, ფლაგმანური ვარიანტი, სახელად AMG Special Edition-იც გამოუშვა.

მანქანა გასულ წელს, მიუნხენის ავტოშოუზე წარმოადგინეს და თუ AMG Project One-ს არ ჩავთვლით, ის Mercedes-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული საწარმოო მოდელია. ევროპაში მისი ფასი 196,897 ევროდან (~$221,000) იწყება, AMG Special Edition-ი კი 218,674 ევრო (~$245,000) ღირს.

სტანდარტული მოდელისგან Special Edition-ი განსხვავდება Green Hell Magno ფერით, 21-ინჩიანი AMG შავი დისკებით. სპეციალური გამოშვება ხელმისაწვდომია Rubellite Red ფერშიც.

Mercedes-AMG GT 63 S E Performance აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ორტურბინიანი V8 ძრავითა და უკანა ხიდთან დაყენებული ელექტროძრავით. ისინი ჯამში 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.

Mercedes-ის განცხადებით, უახლეს სუპერ სედანს 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად სულ რაღაც 2,9 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 316 კმ/სთ-ია. უფრო შთამბეჭდავი კი ალბათ ის არის, რომ წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე 8,61 ლიტრია. 6.1 kWh ბატარეების წყალობით, სრულად ელექტრო რეჟიმში მანქანა 7,4 კილომეტრს ფარავს.