2023 წლის 2023 Alfa Romeo Tonale ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა. კონცეპტის სახით პირველად ის 2019 წელს ვიხილეთ, მაგრამ 2021 წელს წარმოქმნილმა ჩიპების დეფიციტმა და სხვა პრობლემებმა დებიუტი ამ დრომდე გადაავადა. Alfa Romeo-მ თავის მეორე SUV-ის საწარმოო ვერსია ახლა წარმოადგინა და ის ამ ბრენდის პირველი მოდელია, რომელსაც დატენვადი ჰიბრიდის სისტემა ექნება.

2023 წლის Tonale ორი სხვადასხვა ძალური აგრეგატით იქნება წარმოდგენილი. დატენვად ჰიბრიდ ვერსიას აქვს 180 ცხენის ძალიანი, 1.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა და უკანა ღერძთან დამონტაჟებული 121 ცხენის ძალიანი ელექტროძრავა. ჯამში 272 ცხენის ძალას სისტემა ოთხივე თვალს აწვდის; ელექტროძრავა დაკავშირებულია 15.5-kWh ლითიუმ-იონურ ბატარეასთან. Tonale-ს ეს ვერსია იყენებს ექვს-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს. Alfa Romeo გვპირდება, რომ ელექტრორეჟიმში მანქანა 48 კილომეტრს დაფარავს.

დატენვად ჰიბრიდ მოდელს ექნება მართვის სამი რეჟიმი: Natural, რომელიც გულისხმობს ძრავისა და ელექტროძრავის ერთობლივად გამოყენებას ყოველდღიურ მართვაში; Advanced Efficiency — წმინდად ელექტრორეჟიმში სვლა და Dynamic — ორივე ძრავით მაქსიმალური წარმადობისთვის.

დატენვადი ჰიბრიდი მოდელის გარდა, Tonale-ს მყიდველებს შეეძლებათ აირჩიონ 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ერთრიგა ტურბოძრავა, რომელიც ცხრა-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული. ძრავა 256 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. არაჰიბრიდი Tonale-ც ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით იქნება.

Alfa Romeo გვპირდება, რომ Tonale ისეთივე დინამიკური იქნება სამართავად, როგორც ამას ამ ბრენდისგან უნდა ველოდეთ.

ვიზუალურად, Tonale კონცეპტის ერთგული რჩება; აქვს U-ს ფორმის LED ფარები და Alfa Romeo-ს ტრადიციული ცხაურა. მანქანის სიგრძე 4528.82 სანტიმეტრია, ოდნავ გრძელი, ვიდრე BMW X1, მაგრამ მოკლე, ვიდრე X3.

Tonale-ს სალონში ნახავთ 10.3-ინჩიან ცენტრალურ სენსორულ დისპლეის, რომელიც Stellantis-ის საინფორმაციო სისტემა Uconnect 5-ზე მუშაობს და 12.3-ინჩიან ციფრულ მაჩვენებელთა დაფას. სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი Apple CarPlay, Android Auto და ტელეფონის უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია; Uconnect 5 შეიცავს Amazon-ის ვირტუალურ დამხმარე Alexa-ს. აპლიკაცია Alfa Connect-ი მფლობელს ძრავის დაქოქვა გათიშვის საშუალებას აძლევს, ასევე შესაძლებელია შორიდან კარის გაღება-ჩაკეტვა.

Tonale აღჭურვილია უსაფრთხოების მრავალი ტექნოლოგიით, მათ შორის ადაპტური კრუიზ-კონტროლით, ზოლის შენარჩუნების დამხმარით, ავტომატური საგანგებო მუხრუჭით. საცობების დამხმარე ფუნქცია ავტომაგისტრალზე მანქანას შესაბამის სიჩქარეს მოარგებს.

Tonale სამი კომპლექტაციის სახით გამოვა — Sprint, Ti და Veloce, ბაზარზე კი 2023 წლის პირველ კვარტალში გავა. ფასი დაახლოებით 38 000 დოლარიდან დაიწყება.