როდესაც ინტერნეტში უყურებთ, როგორ მართავს მანქანას ესა თუ ის იუთუბერი ულამაზეს გზაზე, ალბათ ბევრს გაგჩენიათ სურვილი, იმ მანქანის მძღოლი თქვენ ყოფილიყავით, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს ალბათ ოცნებადვე დარჩენილა. Porsche-ს სურს, რომ ახალი პროექტის, Virtual Roads-ის ფარგლებში, ამის საშუალება ნებისმიერს მისცეს.

შვეიცარიულ სტარტაპ Way Ahead Technologies-თან თანამშრომლობით, პროგრამა ერთ დღესაც აპლიკაციის სახით გამოვა, რომლის საშუალებითაც, მძღოლი ტელეფონს მაჩვენებელთა დაფაზე დაამაგრებს და გზას გადაიღებს. თავდაპირველად, მომხმარებლებს მხოლოდ საკუთარი გადაღებული გზების გამოყენება შეეძლებათ, მაგრამ Porsche-ს სურს, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს მონაცემთა ბაზაში ატვირთვაც.

აპლიკაცია ჩაიწერს მთლიან 3D გარემოს ხეებით, ზღუდეებითა და სხვა ნიშნებით, მაგრამ არ ჩაიწერს გზად შემხვედრ ადამიანებსა და დაპარკინგებულ მანქანებს. ეს პროცესი იმ დროის ერთ პროცენტზე მეტს წაიღებს, რაც დიდ სტუდიებს სჭირდებათ სარბოლო ტრეკების გაციფრულებისთვის. ბუნებრივია, გზების გამოსახულება ოდნავ ნაკლებად რეალისტური იქნება, მაგრამ Porsche აღნიშნავს, რომ საბოლოო გამოსახულებაში გაერთიანდება ტოპოგრაფიაც.

გზების ჩასაწერად აპლიკაცია სპეციალურ ტექნოლოგიას, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს და მათ საკმაოდ მოკლე დროში ატვირთავს სარბოლო ბაზებში. Way Ahead Technologies-ს განცხადებით, აპლიკაციამ მომავალში შეიძლება Porsche-ს შასის კონტროლის სისტემა და G meter-იც გამოიყენოს, რათა გზები უფრო მეტად რეალისტურად გამოიყურებოდეს.

„რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფა ახლა ისე დახვეწილია, რომ რვა კილომეტრის სიგრძის გზის ვირტუალურ გზად გაციფრულება საათზე ნაკლებ დროში შეუძლია, რაც გზის კომპლექსურობაზეა დამოკიდებული. ამ მომენტში ვმუშაობთ სხვა პარამეტრებსა და ფუნქციებზე“, — ამბობს Way Ahead Technologies-ის წარმომადგენელი როჯერ რეგი.

სამწუხაროდ, Porsche ჯერ არ აკონკრეტებს, როდის გაუშვებს აპლიკაციას.