უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საკუთარი Tesla Roadster-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-თ კოსმოსში გაუშვა. მანქანა ახლა დედამიწისგან 377 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფება და მარსთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვენს პლანეტასთან.

ელექტრო სპორტული მანქანის კოსმოსში გაშვებიდან მალევე, ამოქმედდა ვებსაიტი WhereisRoadster?, რომელიც მანქანის მოძრაობას NASA-ს მონაცემებზე დაყრდნობით ადევნებს თვალყურს. როგორც ირკვევა, ავტომობილი ამჟამად მარსისგან 320 მილიონი კილომეტრის მანძილზეა და კოსმოსში უკვე 2,6 მილიარდ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი. მანქანამ მზეს უკვე 2,62-ჯერ შემოუარა გარშემო და უკვე იმხელა მანძილი დაფარა, რომ დედამიწის ყველა გზაზე 49,5-ჯერ გაივლიდა.

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომის, ჯონათან მაკდაუელის განცხადებით, Tesla სავარაუდოდ ჯერ კიდევ ინარჩუნებს მთლიანობას, მაგრამ მეტეორიტებისგან გარკვეული დაზიანებებიც უნდა მიეღო.

მანქანა ილონ მასკმა კოსმოსში 2018 წლის მარტში გაუშვა, მაგრამ საინტერესოა, რომ ასტრონომები მას საერთოდ არ აკვირდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამას არანაირი სამეცნიერო ღირებულება არ აქვს და ის უბრალოდ ერთი ძვირად ღირებული კოსმოსური ნაგავია.

2020 წლის მარტში, Tesla მარსს საკმაოდ ახლოს, 5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. შემდეგი ასეთი მიახლოება 2035 წელს მოხდება, დედამიწას კი რამდენიმე მილიონ კილომეტრში ჩაუვლის 2047 და 2050 წლებში.

კორნელის უნივერსიტეტის მონაცემებით, არსებობს 22-პროცენტიანი შანსი, რომ შემდეგი 15 მილიონი წლის განმავლობაში მანქანა დედამიწაზე ჩამოვარდეს.

თუმცა, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ კოსმოსური რადიაცია მომდევნო წლებში მანქანას სრულად მოსპობს და მისგან მხოლოდ რამდენიმე ნაგლეჯი დარჩება.