Ford-მა 2023 წლის Ranger Raptor-ი წარმოადგინა, ოფროუდ პიკაპის მეორე თაობა. კომპანიის ხელმძღვანელის, ჯიმ ფარლის განცხადებით, მოდელი აშშ-სა და კანადაშიც გამოჩნდება. ახალი Raptor-ი Ford Performance-ის მიერ არის შექმნილი და აქვს ყველაფერი, რაც უფრო კომპაქტურ პიკაპ F-150 Raptor-ში მოსწონთ.

გლობალური ბაზრის ბოლო Ranger Raptor-ი ექსკლუზიურად მხოლოდ ოთხცილინდრიანი ტურბოდიზელი ძრავით იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ახლა, მეორე თაობის მოდელს ორტურბინიანი ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს. ევროპული სპეციფიკაციის მოდელს 284 ცხენის ძალა აქვს, ამერიკულს კი 392 ცხენის ძალა. საინტერესოა, რომ უფრო მეტი სიმძლავრე, 400 ცხენის ძალა ექნება მომავალ Bronco Raptor-ს, რომელიც ორტურბინიან 3.0-ლიტრიან V6-ზე იმუშავებს.

Ranger Raptor-ში დარჩება ამჟამინდელი მოდელის 2.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბოდიზელიც, მაგრამ სავარაუდოდ, არა ჩრდილოეთ ამერიკაში. მოდელს აქვს აქტიური გამოსაბოლქვი სისტემა, რომლის პროფილების არჩევაც საჭეზე არსებული ღილაკით არის შესაძლებელი. მართვის რეჟიმებია Quiet, Normal, Sport და Baja.

მოდელი აღჭურვილია 2.5-ინჩიანი Fox Live Valve ამორტიზატორებით, რაც საშინელ გზებზეც კი უზრუნველყოფს სტაბილურობას. სიმსუბუქის მიზნით, საკიდრის სისტემა ძირითადად ალუმინისგანაა დამზადებული.

ახალი თაობის Ranger-ის სალონში ნახავთ 12,4-ინჩიან ციფრულ მაჩვენებელთა დაფას და 12-ინჩიან ცენტრალურ სენსორულ ეკრანს, რომელიც Ford-ის Sync 4A საინფორმაციოს სისტემაზე მუშაობს და აქვს Apple CarPlay-ს და Android Auto-ს მხარდაჭერა. რაც შეეხება აუდიოს, ამას B&O-ს 10-სპიკერიანი აუდიოსისტემა უზრუნველყოფს.