Mazda-მ ახალი CX-60 წარმოადგინა ევროპის, იაპონიისა და ავსტრალიის ბაზრებისთვის. მოდელში იხილავთ ახალ პლატფორმას, ბრენდის პირველ ექვსცილინდრიან ერთრიგა ბენზინისა და დიზელის ძრავებს და დატენვად ჰიბრიდ (plug-in) ძალურ აგრეგატებს.

საშუალო ზომის CX-60 ოდნავ დიდია, ვიდრე შარშან ჩრდილოეთ ამერიკისთვის წარმოდგენილი CX-50. იყენებს Mazda-ს ახალ უკანა და წინა წამყვანი თვლების Skyactiv Multi-Solution Scalable არქიტექტურას, რომლის სიგრძეც არის 4745 მმ, სიგანე 1890 მმ, სიმაღლე 1680 მმ, ხოლო თვლების ბაზა 2870 მმ.

ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი

CX-60-ის ექსტერიერი ეფუძნება Mazda-ს დიზაინის ფილოსოფია Kodo-Soul of Motion-ს და აქვს ძლიერ გამოკვეთილი წინა ბამპერი აგრესიული წინა და უკანა ნაწილებით. თვალისმომჭრელია ვერტიკალურად დაყენებული წინა ფარები და L-ის ფორმის დღისით მოძრაობის ფარები. მოდელი რვა სხვადასხვა ფერში იქნება ხელმისაწვდომი. CX-60-ს აქვს 18- და 20-ინჩიანი დისკები.

სალონში მოდელისთვის უნიკალურ რამდენიმე მახასიათებელს ნახავთ. მაგალითად, აქვს სრული TFT-LCD ციფრული მაჩვენებელთა დაფა, 12,3-ინჩიანი საინფორმაციო დისპლეი და დიდი ამოსაშლელი დისპლეი, რომელიც CX-30-ისაზე სამჯერ დიდია. მოქმედებს Driver Personalisation სისტემა, რომელიც მოიცავს მართვის ავტომატური პოზიციის გზამკვლევს და კამერას იყენებს, რათა დააფიქსიროს მძღოლის თვალები და მათი სიმაღლის შესაბამისად, ავტომატურად ასწორებს სავარძელს, საჭეს, ამოსაშლელ დისპლეის და გვერდითა სარკეებს.

ძალური აგრეგატი, გადაცემათა კოლოფი და წარმადობა

მიუხედავად იმისა, რომ Mazda სპეციფიკაციებს ყველა ბაზრისთვის არ აკონკრეტებს, ცნობილია, რომ CX-60 ევროპაში ხელმისაწვდომი იქნება ძრავის სამი სხვადასხვა ვარიანტით. პირველი მათგანია Mazda-ს დატენვადი ჰიბრიდი, რომელიც მოიცავს უკვე არსებული ოთხცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი SkyActiv-G ბენზინის ძრავის მოდიფიცირებულ ვერსიას , ელექტროძრავას და 17,8 kWh მოცულობის ლითიუმ-იონურ ბატარეას. 2.5-ლიტრიანი ძრავა 189 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ჯამში კი მოდელს 323 ცხენის ძალა აქვს. შედეგად, CX-60 PHEV ყველაზე მძლავრი საგზაო მანქანაა Mazda-ს ისტორიაში.

იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, ეს ვარიანტი 100 კმ/სთ სიჩქარეს 5,8 წამში განავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ იქნება. მხოლოდ ელექტრორეჟიმში მოდელი 60 კილომეტრს დაფარავს; ბატარეა ჩვეულებრივი დამტენით ოთხ საათში სრულად დაიმუხტება.

ძალური აგრეგატის მეორე ვარიანტია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი e-Skyactiv X ბენზინის ძრავა 48-ვოლტიანი მაილდ-ჰიბრიდული სისტემით. CX-60-ს Mazda ასევე გაყიდის 3.3-ლიტრიანი e-Skyactive D ექვსცილინდრიანი ერთრიგა დიზელის ძრავით, რომელიც ასევე 48-ვოლტიანი მაილდ-ჰიბრიდული ტექნოლოგიაა.

Mazda CX-60-ის ყველა მოდელს აქვს რვა-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ხელმისაწვდომია მართვის სხვადასხვა რეჟიმი, მათ შორის Normal, Sport, Off-Road, Towing, და EV.

ტექნოლოგიები და აღჭურვილობა

სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემა, მათ შორის Mazda-ს ახალი 360-გრადუსიანი View Monitor-ი, მანქანის გადასვლის გამაფრთხილებელი, საგზაო ნიშნების ამომცნობი, ქალაქის მუხრუჭის ჭკვიანი დამხმარე ქვეითებისა და ველოსიპედისტების ამოცნობით, ზოლის შენარჩუნებისა და საჭის დამხმარე, ჩათვლემის დაფიქსირება და ა. შ.

ევროპაში მოდელის ფასი £43,950-დან დაიწყება.