BMW-მ მომავალი i7-ის თიზერი ფოტოების ახალი კრებული გამოაქვეყნა და ოფიციალური დებიუტიც აპრილისთვის დააანონსა. სრულად ელექტრო მდიდრული სედანის წარდგენა შემდეგი თაობის 7-Series მთელ დიაპაზონთან ერთად მოხდება და იქნება მისი უფრო მძლავრი ვერსია.

წინა ბამპერის დიდ ნაწილს განათებული ცხაურა ფარავს. თირკმლის ფორმის ეს ცხაურა XM-ისას ჰგავს და გარს აკრავს კრისტალური მინის LED ფარები, რომელთა ქვეშაც არის განათების სექციის მეორე წყვილი. იქვე ჩანს ფართო ქვედა ჰაერმიმღებები.

BMW ახალ i7-ს აღწერს, როგორც „მსოფლიოს პირველი სრულად ელექტრო მდიდრული სედანი“, რაც ტექნიკურად მართებულია, რადგან მისი დიდი კონკურენტი, Mercedes-Benz EQS ჰეტჩბეკის სახისაა.

სალონში დიდი სიახლეა BMW Theatre Screen-ი, ულტრაფართო 31-ინჩიანი ეკრანი (32:9 ფორმატის) უკანა მგზავრებისთვის, რომელიც სახურავიდან ჩამოდის და პირად კინოთეატრს ქმნის. Mercedes-Benz EQS-ის 56-ინჩიანი ჰიპერსქრინისგან განსხვავებით, BMW უფრო უკანა მგზავრებზე ფოკუსირდა. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეკრანს სხვა ახალ ტოპ მოდელებშიც ვიხილავთ.

სალონის სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის BMW Curved Display ხელსაწყოთა პანელზე, რომელიც iDrive სისტემის უახლეს თაობაზე მუშაობს; იქვეა BMW-ს Interaction Bar-ი. i7 ასევე აღჭურვილია Sky Lounge პანორამული სახურავით. მძღოლს მართვის სხვადასხვა რეჟიმის არჩევა შეუძლია, რაც შესაბამისად ცვლის სალონის განათებასაც.

ბავარიული ავტომწარმოებელი ელექტრო ძალური აგრეგატის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ გვიმხელს სავარაუდოდ გარბენს და ენერგიის მოხმარებას. ერთი დატენვით სედანი WLTP-ის შესაბამისად 580-დან 610 კილომეტრამდე დაფარავს, EPA-ს შესაბამისად კი 491 კმ-ს.

 

ბოლო ცნობების თანახმად, BMW i7-ს 120 kWh ბატარეა ექნება, მაღალ კომპლექტაციებს კი სამი ძრავა და 740 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეთ.

გამოცემა Autocar-ის ცნობით, i7-ის და 7-Series-ს პრემიერა 20 აპრილს შედგება.