ამ დრომდე მიჩვეული ვიყავით, რომ Maserati მხოლოდ სედანებსა და SUV-ებს ყიდის, მაგრამ რას იტყვით კომპაქტურ ქროსოვერზე ოთხცილინდრიანი ძრავით? 2023 წლის Grecale ხაზმა Maserati შეიყვანა ბაზარში, რომელშიც ისეთი მოდელები დომინირებენ, როგორებიცაა Porsche Macan-ი და Alfa Romeo Stelvio. გამომდინარე იქიდან, რომ Maserati-ს გლობალური გაყიდვების თითქმის 60 პროცენტი საშუალო ზომის Levante SUV-ზე მოდის, გარდაუვალი გახდა უფრო პატარა მოდელის შექმნაც.
Grecale ოდნავ დიდია, ვიდრე Stelvio და Macan-ი, მაგრამ აქვს იგივე პროპორციები, ფანჯრების მომრგვალებული სისტემა და შედარებით დაბალი ცხვირი. მისი ცხაურის ფორმა და ვერტიკალურად განლაგებული ფარები Maserati-ს დიზაინის უახლეს ენას ასახავს, რომელიც განსხვავდება Levante-ში, Ghibli-სა და Quattroporte-ში გამოყენებულისგან.
Grecale-ს ხაზში შევა ბენზინის სამი მოელი და ელექტრო ვარიანტი, სახელად Folgore, რომელიც მომავალ წელს გამოვა. საბაზისო GT კომპლექტაციას ექნება 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავა და 48-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემა, ჯამში 296 ცხენის ძალით. შემდეგ დონეს, Modena კომპლექტაციას ოდნავ ძლიერი, 325 ცხენის ძალიანი ძრავა აქვს; ხაზის ლიდერ Trofeo-ს კი 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6, რომელიც 523 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Maserati-ს განცხადებით, ოთხცლინდრიანი მოდელები 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 5 წამში განავითარებენ, Trofeo კი 3,6 წამში. ყველა მოდელისთვის სტანდარტია რვა-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
Grecale-ს სალონში იმდენი ეკრანია, რამდენიც ჯერ Maserati-ს არც ერთ მოდელში არ გვინახავს. მაჩვენებელთა ციფრული დაფა და ცენტრალური საინფორმაციო სისტემის ეკრანები 12,3-ინჩიანია; იქვეა ქვედა, 8,8-ინჩიანი სენსორული დისპლეი, რომელიც კლიმატისა და მანქანის სხვა ფუნქციებს აკონტროლებს. ციფრულია დაფის თავში მოთავსებული საათიც, მაგრამ აქვს ანალოგურის ინტერფეისი.
საბაზისო მოდელის ფასი 64,995 დოლარი იქნება, Modena Limited Edition-ის 78,895$, Trofeo კი 80,000$ ეღირება.