Toyota ევროპული სპეციფიკაციის bZ4X-ს აანონსებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სრულად ელექტრო მოდელი ერთი დამუხტვით 516 კილომეტრს დაფარავს, რაც უფრო მეტია, ვიდრე წინასწარი მონაცემები მიუთითებდა.
კონკრეტულად კი, Toyota აანონსებს 516 კმ-ს FWD მოდელისთვის და 470 კმ-ს ორძრავიანი AWD ვარიანტისთვის. ორივე მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ეს პირველად მოლოდინებში იყო (500 კმ და 460 კმ). რაც შეეხება ენერგომოხმარებას, FWD მოდელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 14.3 kWh/100 კმ-ს შეადგენს, AWD მოდელში კი 15.8 kWh/100 კმ-ს.
ტევადობის თვალსაზრისით, FWD და AWD ვერსიების ბატარეა ოდნავ განსხვავდება — 71.4 კვტ/სთ და 72.8 კვტ/სთ. Toyota ბატარეის ტევადობის 70 პროცენტის 10-წლიან გარანტიას იძლევა, რაც 1,000,000 კილომეტრს უდრის.
წარმადობის თვალსაზრისით, ერთძრავიანი ვერსია 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 8,4 წამში ავითარებს. ორძრავიან ვერსიას ოთხივე თვალი წამყვანი აქვს, სიმძლავრე 215 ცხენის ძალას შეადგენს და 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 7,7 წამში ავითარებს. bZ4X ეფუძნება eTNGA პლატფორმას, რომელსაც 2025 წლამდე bZ ოჯახის შვიდი წევრი გამოიყენებს.
პირველი ევროპელი მყიდველები bZ4X-ს ამ ზაფხულს მიიღებენ. Toyota ევროპის ფასებს ჯერ არ აკონკრეტებს, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოში საწყისი დონის მოდელის ფასი 49,743 ევროდან იწყება.