Mitsubishi მომავალი Colt-ის პირველ თიზერს აქვეყნებს, რომელიც ახალი კომპაქტური ქროსოვერი იქნება და დებიუტი 2023 წელს შედგება. ახალი Colt-ი ძარის უდიდეს ნაწილს Renault Clio-სთან იზიარებს და ჰიბრიდული ძალური აგრეგატი ექნება.

მიცუბიში კოლტი

ბნელ თიზერზე ექსტერიერის დიზაინის ნაწილი ჩანს, მათ შორის, ცხაურაში LED ფარების დანამატის სახით ჩართული განსხვავებული სახის Dynamic Shield-ი.

სულაც არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ ახალი Mitsubishi Colt-ი დაფუძნებული იქნება Clio-ს CMF-B პლატფორმაზე და წარმოება თურქეთის ქალაქ ბურსაში მოხდება. ამავე არქიტექტურაზეა აგებული Nissan Micra და Dacia Sandero, ასევე რამდენიმე SUV-ი, მათ შორის, Renault Captur-ი, Nissan Juke და მომავალი Mitsubishi ASX-ი, რომელიც ასევე 2023 წელს გამოვა.

ახალ Colt-ზე დატანილი ემბლემა Hybrid EV მის ელექტრიფიცირებულ ძალურ აგრეგატზე მიანიშნებს. სავარაუდოდ, ის იგივე იქნება, რაც Renault Clio E-Tech-ში და Nissan Juke ჰიბრიდში. ეს უკანასკნელი მოიცავს ატმოსფერულ 1.6-ლიტრიან ოთხცილინდრიან ბენზინის ძრავას 93 ცხენის ძალით და ელექტროძრავას 48 ცხენის ძალით. მეორე ელექტრო ძრავა HSG-ს (მაღალი ვოლტაჟის სტარტერ-გენერატორი) სახით მუშაობს. 1.2 კვტ/სთ ბატარეები წყლის გაცივებაზეა. დახვეწილი, მრავალრეჟმიანი გადაცემათა კოლოფი ენერგიას წინა ღერძს აწვდის.

ბრენდი Colt-ი Mitsubishi-ის ოჯახში თითქმის ათწლიანი წყვეტის შემდეგ ბრუნდება; უკანასკნელი თაობის წარმოება 2013 წელს შეწყდა. Colt-ის Renault-სთან ერთად დაბრუნების შესახებ ჭორები 2018 წლიდან ვრცელდებოდა. ახალი თაობით, Mitsubishi თავდაპირველი Colt 600-ის დებიუტის 60 წლისთავს აღნიშნავს, რომელიც 1962 წელს გამოვიდა.