BMW-მ ახალი i7 xDrive60 წარმოადგინა, პირველი სრულად ელექტრო მოდელი 7-Series ხაზში. ერთი დამუხტვით ის 483 კილომეტრს დაფარავს და გამოირჩევა მრავალი საოცარი მახასიათებლით.

EQS-თან და S-Class სერიებთან მიმართებაში Mercedes-ის მიდგომისგან განსხვავებით, i7 ინტეგრირებულია 7-Series ხაზთან — i7 და 7-Series ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსია და აქვთ ერთნაირი ძარა, ზომები და სალონი. თუმცა, შიგნით მნიშვნელოვანი განსხვავებები იმალება.

არც ნელი, მაგრამ არც ყველაზე სწრაფი

ტრანსმისია მოიცავს ორ ელექტრო ძრავას, რომელთა წყალობითაც, 2023 წლის i7 xDrive60-ს ოთხივე თვალი წამყვანი აქვს. ძრავა, რომელიც ენერგიას წინა თვლებს აწვდის, 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, უკანა ღერძის ძრავას კი 308 ცხენის ძალა აქვს. ჯამში ისინი 536 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.

i7 xDrive60-ს 0-96 კმ/სთ სიჩქარის განვითარება დაძვრიდან 4,5 წამში შეუძლია, 0,5 წამით უფრო სწრაფად, ვიდრე 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით აღჭურვილ 740i-ს. თუმცა, i7 ოდნავ უფრო ნელია, ვიდრე V8-ძრავიანი 760i xDrive.

ახალი i7 უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ორძრავიანი Mercedes EQS 580, რომელსაც 516 ცხენის ძალა აქვს. თუმცა, ეს ელექტრო Mercedes-ი ოდნავ უფრო სწრაფია, რადგან 0-96 კმ/სთ სიჩქარეს დაძვრიდან 4,3 წამში ავითარებს. EQS-ის მაქსიმალური სიჩქარე 208 კმ/სთ-ია, i7-ის კი 240 კმ/სთ.

ბატარეა, გარბენის მანძილი და დამუხტვა

i7-ის ბატარეის მოცულობა101.7 კვტ/სთ-ია. BMW-ს განცხადებით, EPA-ს სტანდარტით ის ერთი დამუხტვით 483 კილომეტრს დაფარავს, რაც ჩამორჩება კონკურენტთა მაჩვენებლებს. Mercedes EQS 580-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 547 კილომეტრია, Tesla Model S Plaid-ის კი 557 კმ.

128 კილომეტრის გავლისათვის საჭირო მუხტს i7 სულ რაღაც 10 წუთში აიღებს. სწრაფი დამუხტვის მაჩვენებლები ჩამორჩება Porsche Taycan-ისას, მაგრამ BMW მომხმარებლებს სხვა ტექნოლოგიურ სარგებლებს სთავაზობს. მათ შორის არის შუქნიშნებისა და დაღმართების მონიტორინგი.

i4 და iX-დან ნასწავლი გაკვეთილების საფუძველზე, BMW-მ დახვეწა დამუხტვის ტექნოლოგიაც. მას შემდეგ, რაც ბატარეა დამუხტვის ყველაზე მაღალ დონეს მიაღწევს, დატენვის მაჩვენებელი უცაბედი ვარდნის ნაცვლად თანდათან მცირდება.

2023 წლის i7 შეიძლება ბევრ განსაკუთრებულს არაფერს გვთავაზობდეს, მაგრამ ეს მდიდრული სედანი თამამად იქნება Mercedes EQS-ის კარგი ალტერნატივა. თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს Audi A8 e-tron-ის გამოჩენის შემდეგ.

საბაზისო i7 xDrive60-ის ფასი 119,300 დოლარიდან დაიწყება და ყველაზე ძვირადღირებული იქნება 2023 წლის 7-Series დიაპაზონში.